ანა დოლიძე - ოპოზიცია, „პაროლობანათი“ ელაპარაკება ხალხს არ თვლის მნიშვნელოვნად ხალხს, ჰკითხოს იმ პირობებზე, რომლებსაც სადაცაა დათანხმდება
ანა დოლიძე - ოპოზიცია, „პაროლობანათი“ ელაპარაკება ხალხს არ თვლის მნიშვნელოვნად ხალხს, ჰკითხოს იმ პირობებზე, რომლებსაც სადაცაა დათანხმდება

რა მაგალითს ვაძლევთ დემოკრატიაში ჩვენ ხალხს, როცა ვაჩვენებთ, რომ ვართ ანგარიშვალდებული უცხოელი ელჩების წინაშე, ვეკითხებით აზრს, გავდივართ კონსულტაციას და არაფერს ვეუბნებით იმ ხალხს, რომელსაც წარმოვადგენთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა.

როგორც ანა დოლიძე აცხადებს, ელჩების დახმარებით მიმდინარე ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების გამჭვირვალობა აუცილებელია.

მისივე თქმით, ოპოზიცია ხალხს უნდა აბარებდეს ანგარიშს, რის შესახებ საუბრობს დახურულ კარს მიღმა.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირაა ვდუმვარ და დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებას. ვქომაგობ ოპოზიციის მიზანს, რადგან პირადად ვარ მოწმე და მებრძოლი იმ მასშტაბური გაყალბების წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა ამ არჩევნებზე. თუმცა, დღეს მინდა გულისწყრომა გამოვთქვა მოლაპარაკებაზე გასული ზოგიერთი პოლიტიკოსის მიმართ, იმ ფორმაზე, რა ფორმითაც იმართება ეს ე.წ. რაუნდები. რამდენიმე კვირაა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჩაებნენ ხელისუფლების თამაშში, რადგან დათანხმდნენ, რომ ეს მოლაპარაკებები წარიმართოს ქართველი ხალხისგან დაფარულად, მაშინ, როდესაც ისინი ემსახურება ქართველი ხალხის ნების აღსრულებას. შესაბამისად, კვირიდან კვირამდე, ყოველ დღე, რამდენიმე პოლიტიკოსის ერთსა და იმავე განცხადებას ვისმენთ, რომლებიც, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ არაფერს არ გვეუბნებიან.

ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი თამაში – „პაროლობანა“, რომელიც დღევანდელი ოპოზციის წევრებს მათი ასაკიდან გამომდინარე, კარგად უნდა ახსოვდეთ. თამაში მდგომარეობდა იმაში, რომ ერთი გუნდი მეორეს დასდევდა და აწვალებდა იმისთვის, რომ გაეგო მისი პაროლი. ამას ჰგავს ოპოზიციის საქციელი დღეს“, – აცხადებენ ანა დოლიძე.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ოპოზიცია თხოვს ხალხს, დაუდგეს გვერდში საპროტესტო აქციების დროს, თხოვს მხარდაჭერას, მოთმინებას, აქციებზე მისვლას აქციებზე, ამ პირობებში კვირების განმავლობაში ხალხისთვის პასუხი, რომ ცოტაც მოითმინეთ, ჯერ ვერ გეტყვით, რა წერია იმ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებაში, რომელიც ქართველი ხალხის სახელით უნდა გაფორმდეს, არის არასწორი.

„არასწორია სამი მიზეზის გამო: რა მაგალითს ვაძლევთ დემოკრატიაში ჩვენ ხალხს, როცა ვაჩვენებთ, რომ ვართ ანგარიშვალდებული უცხოელი ელჩების წინაშე, ვეკითხებით აზრს, გავდივართ კონსულტაციას და არაფერს ვეუბნებით იმ ხალხს, რომელსაც წარმოვადგენთ. რამდენად განსხვავებულია ეს იმ საქციელისგან, რასაც თავიდან ბოლომდე გვიჩვენებდა „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის დროს. სულ ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“ არ ელაპარაკება ხალხს. კი ეს ასეა, ისინი არ გვეუბნებიან არაფერს და არც ფიქრობენ, რომ ანგარიშვალდებულნი არიან ჩვენ წინაშე. ისინი ფიქრობენ, რომ ანგარიშვალდებულები არიან ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ნამდვილად არასწორია, როცა ვხედავთ ოპოზიციას, რომელიც ასევე „პაროლობანათი“ ელაპარაკება საკუთარ ხალხს. არ თვლის, რომ ხალხს უნდა ჰკითხოს იმ პირობებთან დაკავშირებით, რომელსაც სადაცაა დათანხმდება. თვითონ დემოკრატიის ხარისხის მიხედვით, ეს წარმოუდგენელია. მართლა კოლონიური სამყარო ხომ არ არის? რაც არ უნდა პატივსაცემი იყოს აშშ, რომელიც ჩემთვის მეორე სამშობლოცაა, წარმოუდგენელია, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩთან გავდიოდეთ კონსულტაციებს, რა ვუთხრათ ხელისუფლებას და წამით არ ვაბარებთ ელემენტარულ ანგარიშს, მოკლე შინაარსს მაინც, ქართველ ხალხს;

რატომ არის ეს საქციელი პრობლემა? იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თამაშის რელსებში ჩააბა ოპოზიცია. „ოცნებამ“, ხომ ძალიან კარგად იცის, რომ ასე კულისებში სიარული და ერთი და იმავეს გამეორება, როცა შვიდი პოლიტიკოსი იმეორებს, რომ სათქმელი არ აქვს, თქვენვე გაკარგვინებთ რეიტინგსა და სანდოობას. ნახეთ სოცქსელები, ნახეთ თქვენივე საახლობლო წრე, რას ფიქრობენ ისინი ამაზე, როცა ყოველ დღე ეთერში იმეორებთ ერთსა და იმავეს, რომ სათქმელი არაფერი გაქვთ“, -განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნებამ“ ოპოზიციონერები თავის რელსებზე გადაიყვანა.

„გახსოვთ, როგორ დასრულდა „თეთრი ხმაურის“ აქციები თავის დროზე? მთავარი მიზეზი ამ აქციების ფიასკოსი იყო დახურულ მოლაპარაკებებზე შესული რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც სწორედ დახურულ მოლაპარაკებებზე შეიყვანა გიორგი გახარიამ. როგორ მოიგო ნიკოლ ფაშინიანმა თავის დროზე სომხეთის პრეზიდენტთან? მხოლოდ ერთადერთი აქტით, რომ მან მოითხოვა ღია მოლაპარაკებები ტელევიზიის მეშვეობით და იქვე დასრულდა სომხეთის წინა ხელისუფლება. ფარულ და კულუარულ მოლაპარაკებებზე გადაყვანა, როცა ხალხს არაფერს ეუბნებით, ნიშნავს, რომ „ოცნებისთვის“ ეს არ არის ქულების დამკარგველი. „ოცნება“ არ თამაშობს დემოკრატიას, მას გამოჰყავს ხალხი არჩევნებზე, ყიდულობს მათ, ან აძალებს ხმის მიცემას. იმავე თამაშის წესებზე გადასვლა ჩვენთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის;

როდესაც თქვენ სთხოვთ ხალხს, დაგიდგნენ მხარში, მოვიდნენ აქციებზე, შუბლით შეუვარდნენ რომელიღაც სახელმწიფო დაწესებულებას, ამას ხომ საპასუხო ნაბიჯი სჭირდება და ამ დროს არც კი ვეუბნებით რაზე ვთანხმდებით ქართველი ხალხის მაგივრად. ვეუბნებით მე ვიცი პაროლი, მაგრამ ჯერ არ გეტყვი, შეიძლება მესამე ან მეოთხე რაუნდზე გითხრათ. რა სიგნალს აძლევთ ხალხს? როგორ უნდა მოიპოვოთ მათი ნდობა, როდესაც ელემენტარულ სათათბირო საკონსულტაციო პროცესში არ რთავთ. არა მგონია, ეს სწორი იყოს.

ესაა სულ მცირე სამი მიზეზი. არ დაგვავიწყდეს მარტის გამოცდილება. როდესაც მოხდა 8 მარტის შეთანხმება და მერე წარიმართა უზარმაზარი კონფლიქტი, თუ რაზე შეთანხმდა ხელისუფლება და ოპოზიცია კულუარებში. ეს მოხდა, რადგან შეთანხმება იყო კულუარული და ამან ფაქტობრივად ოთხი-ხუთი თვის დაკარგვა გამოიწვია.

ამიტომ მეგობრებო, მე ვარ ერთ-ერთი პირი, რომელიც არის ამ მიზნის ცალსახა ქომაგი, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები, თავისუფალ და სამართლიან გარემოში და არა თამარ ჟვანიას პირობებში. თუმცა ეს ფორმა, „პაროლობანა“ არ მგონია იყოს გამოსადექი, საჯაროობა და უშუალო კონტაქტი ხალხთან, არის ის მთავარი „ჯოკერი“, რომელიც გვიჭირავს ჩვენ ხელში და არ უჭირავს ხელისუფლებას. ეს „ჯოკერი“ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და ნუ დავუთმობთ ამ მთავარ კოზირს ხელისუფლებას,“ – აცხადება ანა დოლიძე“, – აცხადებს ანა დოლიძემ.