ანა დოლიძე - ნულოვანი ბარიერი არის პარლამენტის ნოეს კიდობნად გადაქცევის მცდელობა
ანა დოლიძე - ნულოვანი ბარიერი არის პარლამენტის ნოეს კიდობნად გადაქცევის მცდელობა

ნულოვანი ბარიერი არის პარლამენტის ნოეს კიდობნად გადაქცევის მცდელობა, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მონაწილე მმართველი გუნდის ინიციატივას, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

ანა დოლიძე ფიქრობს, რომ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება იძლევა საშუალებას უფრო მეტი ინტერესი იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, თუმცა მისივე განცხადებით, კვლავ უცვლელი რჩება მათი მოთხოვნა შსს მინისტრის გადადგომაზე.

„მე ხალხს ვულოცავ მათი აქტივიზმის გამარჯვებას. ეს არის ხალხის მობილიზების დამსახურება.

ნულოვანი ბარიერი არის პარლამენტის ნოეს კიდობნად გადაქცევის მცდელობა. ეს იქნება საშუალება, რომ იყოს ბევრი დაქსაქსული ძალა. მთავარი გამოწვევა და მოთხოვნა აქ არის გიორგი გახარიას გადადგომა, 20 და 21 ივნისის ქმედებების გამოძიება.

ჩვენ ვრჩებით პირველადი მოთხოვნების მხარდასაჭერად იმიტომ, რომ ეს იყო, რისთვისაც იბრძოდა ჩვენი მოსახლეობა, თუმცა პროპორციული არჩევნები მოგვცემს საშუალებას, მეტი ინტერესი წარმოვადგინოთ პარლამენტში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.