ანა დოლიძე - ლევან მურუსიძემ უვადოდ გამწესებაზე განაცხადი შესაძლოა მაშინ შეიტანოს, როდესაც საზოგადოების ყურადღება მოდუნებული იქნება
ანა დოლიძე - ლევან მურუსიძემ უვადოდ გამწესებაზე განაცხადი შესაძლოა მაშინ შეიტანოს, როდესაც საზოგადოების ყურადღება მოდუნებული იქნება

სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველ მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს, რომელიც თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არის დანიშნული, უფლებამოსილების ვადა 4 იანვარს ეწურება.

მიუხედავად იმისა, რომ მურუსიძეს განაცხადი არ გაუკეთებია, საბჭოში მისი შეფასების პროცედურები უკვე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მას შეფასებაზე არც უარი უთქვამს. ეს კი არ გამორიცხავს, რომ საბჭომ მიმართვის გარეშე იმსჯელოს მის უვადოდ გამწესებაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე ადასტურებს, რომ საბჭო ლევან მურუსიძის კანდიდატურაზე მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იმსჯელებს.

„ამ საკითხს განიხილავს საბჭო, როდესაც იქნება შესაბამისი დრო. პროცედურა მიმდინარეობს და საბჭო იმსჯელებს ვადის გასვლამდე“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ლევან მურუსიძის დანიშვნის საკითხს მართლმსაჯულების ღირსების საკითხს უწოდებს. მისი თქმით, სავარაუდოდ, მურუსიძე საბჭოში განაცხადს მაშინ შეიტანს, როდესაც საზოგადოების ყურადღება მოდუნებული იქნება. დოლიძე მოქალაქეებს, პარლამენტს, გირგვლიანების ოჯახს მოუწოდებს, ჩაერთონ პროცესში, რათა მურუსიძის საკითხი საჯარო დისკუსიის საგანი გახდეს.

„ როგორც ხშირად კეთდება ხოლმე ბნელი საქმეები, ლევან მურუსიძემ შესაძლოა, განაცხადი შემოიტანოს და საბჭომ ის განიხილოს მაშინ, როდესაც მთელი საქართველო იქნება გადართული ახალი წლის აღნიშვნაზე. ლევან მურუსიძის მართლმსაჯულების სისტემაში ყოფნის საკითხი არის ჩვენი მართლმსაჯულების ღირსების საკითხი, შესაბამისად, თუ ეს პროცესი დაიწყება, მასში უნდა იყოს ჩართული მთელი საქართველო და სამართლიანობისთვის მთელი ის მოძრაობა, რომელიც საქართველოში დღემდე არსებობს. მე ყველაზე ნაკლებად მინდა, რომ ამ პროცესმა ჩაიაროს ჩუმად, დახურულ კარს უკან. ამის საშიშროება რა თქმა უნდა, არსებობს და აუცილებელია, იყოს მაღალი საზოგადოებრივი წნეხი გირგვლიანების ოჯახის მხრიდან, რათა  ყველაფერმა ჩაიაროს ხალხის ხელის გულზე და არა დახურულ დარაბებს მიღმა.  ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი მოსამართლის დანიშვნის თემა, ეს არის მართლმსაჯულების ღირსების საკითხი. როგორი სასამართლო გვაქვს ჩვენ, ადმიანის უფლებების უსინდისოდ შემლახავი, რაც გირგვლიანის გადაწყვწტილების დროს გვქონდა, თუ ოდნავ მაინც მანტიის ღირსების მქონე“,- განაცხადა ანა  დოლიძემ.