ანა დოლიძე - გვინდოდა, დაგვემთავრებინა ორპოლუსიანობა, მაგრამ დავბრუნდით ათვლის წერტილთან, როდესაც გვიბიძგებენ, აუცილებლად გავაკეთოთ ერთი ან მეორე არჩევანი
ჩვენც გვინდოდა, რომ დაგვემთავრებინა ეს ორპოლუსიანობა, რომელსაც შეპყრობილი აქვს პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ მაინც დავბრუნდით ამ ათვლის წერტილთან, როდესაც გვიბიძგებენ, რომ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ერთი ან მეორე არჩევანი, – ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენ წინაშე ამ მოცემულობის დაყენება მაინც ხელოვნურია. მით უმეტეს, ხალხის დამუნათება, რომ აქეთ თუ არ დგახარ, ესე იგი, სინათლის მხარეს დგახარ ან სიბნელის მხარეს. ჩვენ ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ. ერთი იმიტომ, რომ ამომრჩეველმა ეს გადაწყვიტა, ამ ჯერზე. გასაგებია, რომ სამი თვის შექმნილი პარტიაა და ჩვენ დინოზავრებთან შევდიოდით ჭიდილში, მაგრამ გარდა ამისა, გადავწყვიტეთ, მხარი არ დავუჭიროთ არც ერთ ძალას. იმიტომ, რომ ჩვენი მხარდამჭერი ასე ფიქრობს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძის თქმით, პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ მხარდამჭერთა და წევრთა პოზიციები მრავალეფეროვანია, თუმცა სამ ძირითად ჯგუფად იყოფა.
„ჩვენი მხარდამჭერები, წევრები არიან გაყოფილი, რომლებთან ურთიერთობისთვისაც ჩვენ ახალი ფორმა შემოვიღეთ – გარკვეული პლებისციტი, შიდა პარტიული შეკრება. მეორე ტურთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ შიდა კვლევა, მხარდამჭერთა აზრის გამოკითხვა და გამოვავლინეთ საკმაოდ მრავალფეროვანი პოზიციები. პოზიციები დაახლოებით სამი ჯგუფისგან შედგება. ერთი, რომელიც ხმას აძლევს ოპოზიციას, მეორე, რომელიც ამბობს, რომ აქ არჩევანი არ არის, ორპოლუსიანობის წინააღმდეგაა და არა პერსონალიების, არამედ სისტემური ცვლილების შესაძლებლობას ვერ ხედავს და მესამე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არასოდეს არ მისცემს. მე მყავს ასეთი მხარდამჭერები და წევრები. ამიტომ, ვთქვით, რომ ჩვენ არ დავდგებით ბარიკადის რომელიმე მხარეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად სწორია პოლიტიკურად ის, რომ შექმნილ ვითარებაში არც ერთ მხარეს არ იყო და რამდენად დგას იმის შესაძლებლობა, არც ერთ მხარეს არ დადგე, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პარტიებმა, რომლებიც რომელიმე პოლუსთან ახლოს მივიდნენ, თვითმმართველობის არჩევნებზე ბევრად ნაკლები ხმები მიიღეს.
„მეორე, სააკაშვილის ფაქტორი გასდევს ამ არჩევნებს და ამან პოლარიზაციას ხელი შეუწყო. ამომრჩეველთა ერთი ნაწილი „ნაციონალებთან“ წავიდა, მეორე ნაწილი კი, სააკაშვილის შიშით – „ქართულ ოცნებასთან“. ვფიქრობ, პოზიციის დაკავება ცალსახად შესაძლებელია ბარიკადების მიღმა და პოზიცია, რომ რომელიმე მხარეს იდგე, აუცილებლად ემსახურება ერთ დღის წესრიგს – შუა გაიკრიფოს და ამ პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ ყოველთვის შეძლოს, დაჯაბნოს ოპოზიცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ არის“, – განაცხადა დოლიძემ.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ორპოლუსიანობის საშუალებას არ მისცემს.
„ჩვენ მათ ორპოლუსიანობის საშუალებას არ მივცემთ. ხალხს კარგად აქვს ნანახი, რა შემიძლია მე პირადად, მარტოს, როდესაც იუსტიციის საბჭოში ვიყავი, ახლა კი, თბილისის საკრებულოში ბევრი ვიქნებით“, – განაცხადა დოლიძემ.
გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რომელ პარტიებთან გეგმავს თანამშრომლობას პარტია „ხალხისთვის“, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ საკითხობრივ თანამშრომლობას არავისთან არ გამორიცხავს.