ანა დოლიძე - დღეს ვნახეთ საბჭოს მოსამართლე წევრები, რომლებმაც გაიხადეს მანტია და პოლიტიკურ მოედანზე შევარდნენ
დღეს ჩვენ ვნახეთ საბჭოს მოსამართლე წევრები, რომლებმაც ფაქტობრივად, გაიხადეს მანტია და პოლიტიკურ სათამაშო მოედანზე შევარდნენ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, დღეს არიან მოსამართლეები, რომლებიც აქტიურად აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც ანგრევს სასამართლო სისტემის ძირითად პრინციპებს.
„მათი სურვილია, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ დებატებში იმ ჯგუფის მხარეს, რომლისთვისაც არ ყოფილა არც გირგვლიანის საქმე, არც ზერეკიძის საქმე, არც ყუფარაძის საქმე, არც მოლაშვილის საქმე და არცერთი საქმე, რომელმაც შექმნა საქართველოს ისტორია და სხვათა შორის, მოიყვანა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. ეს მოსამართლეები ამ ქმედებით არჩევენ ეთიკის კოდექსს, ვინაიდან მათ ეკრძალებათ პოლიტიკური აზრის გამოთქმა და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა. ეს არის იმ კრიზისის აპოთეოზი სასამართლო ხელისუფლებაში, რაზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ და რომლის გადაჭრის ერთადერთი გზა არის პოლიტიკური გზა, რასაც მე ვფიქრობ, პოლიტიკოსები , პარლამენტის წევრები იანვრიდან უნდა დაუბრუნდნენ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ დღეს მოედანზე გვყავს მოსამართლეები, ისინი აქტიურად აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც ანგრევს სასამართლო სისტემის ძირითად პრინციპებს, რომ სასამართლო კორპუსი უნდა იყოს დამოუკიდებელი და აპოლიტიკური“,-განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დეპუტატების განცხადება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის დროინდელ მოსამართლეებს არ უნდა მიეცეთ უზენაეს სასამართლოში დაწინაურების უფლება, დისკრიმინაციულია.