ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის სკოლის მსმენელობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს კრიტიკულად აფასებენ
ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის სკოლის მსმენელობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს კრიტიკულად აფასებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის სკოლის მსმენელობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს კრიტიკულად აფასებენ.

ანა დოლიძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი როგორც საბჭოს, ასევე კანონის მხრიდან არ არის დარეგულირებული, რაც საბჭოს მოსამართლე წევრებს აძლევს საშუალებას, 120-დან ის 20 ადამიანი შეარჩიოს, რომელიც მათთვის მისაღებია.

საბჭოს არამოსამართლე წევრი იუსტიციის სკოლის მსმენელობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას.

„პრობლემებს ვაწყდებით. პროცესი არის თავიდან ბოლომდე დახურული, ეს საბჭომ გადაწყვიტა. მოსამართლეები კანდიდატებს მათთვის სასურველ კითხვებს უსვამენ. ზოგ კანდიდატს უსვამენ რთულ შეკითხვას, ზოგს – ადვილებს, ხოლო თუ კანდიდატის ჩაჭრა უნდათ, დაესევიან ერთ ადამიანს. რაც არ უნდა ვთქვათ არამოსამართლე წევრებმა, ამას აზრი არ აქვს, რადგან ნებისმიერ ადამიანს ნიშნავენ. შედეგად კი, პროცესი ისეა დატოვებული, რომ უმრავლესობას შეუძლია 120-დან, ზუსტად ის 20 აირჩიოს, რომელიც უნდა, რომ სასამართლოში ჰყავდეს. გასაუბრების დროს საბჭოს მოსამართლე წევრები სვამენ მისახვედრ კითხვებს, ამბობენ, სწორია პასუხი ან არასწორია, თუ არ აინტერესებთ კანდიდატი, უბრალოდ გვერდზე სხედან, ლაპარაკობენ და იციანიან, ხოლო თუ კანდიდატის წარმოჩენა უნდათ, ადვილ კითხვებს უსვამენ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ხდება რესურსის არამიზნობრივი ხარჯვა, რადგან თუ კანდიდატი არ არის დაახლოებული სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფთან, ის მოსამართლე ვერ გახდება.

„ამ კონკურსში მონაწილეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელი, რომელთაგან ორზე წინასწარ მაქვს ეჭვი და ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაახლოებული პირები არიან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან და მათ საბჭოსგან მინიჭებული ექნებათ უფრო მეტი პრიორიტეტი, ვიდრე ზოგადად, გარედან მოსულ კადრებს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დღეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყება. დაგეგმილია 12 მსურველთან გასაუბრება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსი აქვს გამოცხადებული, რომელშიც სადაც 121 კანდიდატი მონაწილეობს. გასაუბრება კანდიდატებთან უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პროცესის დასრულების შემდეგ კი, ოქტომბრის ბოლოს, კენჭისყრა გაიმართება.