ანა ჩემინავა - ირლანდიასთან პლეი ოფის მატჩში სავსე ტრიბუნები დამატებითი მოტივაცია იქნება #1TVSPORT
ანა ჩემინავა - ირლანდიასთან პლეი ოფის მატჩში სავსე ტრიბუნები დამატებითი მოტივაცია იქნება #1TVSPORT

ირალანდიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მოახლოებული მატჩებისთვის მზადებაზე საქართველოს ქალთა ნაკრების მოთამაშეებმა, ანა ჩემინავამ და მარიამ კალანდაძემ ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ მიზანს მიაღწევენ.

ანა ჩემინავა – „ქალთა ნაკრებისთვის ისტორიული მომენტია. ამას წლების განმავლობაში ველოდით. ორმაგი მოტივაციით ვემზადებით. ვეთამაშებით ძალიან ძლიერ ნაკრებს. ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდ სტიმულს გულშემატკივარი გვაძლევს, ყველას ველოდებით სტადიონზე. დარწმუნებული ვარ, რომ ტრიბუნა გაივსება, რაც დამატებითი მოტივაცია იქნება ფეხბურთელებისთვის და გუნდის თითოეული წევრისთვის. წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

მარიამ კალანდაძე – „შეკრების დაწყებამდე მაქსიმალურად ვემზადებოდით, რომ ამ თამაშებს მზადყოფნაში შევხვედროდით. მოტივირებულები ვართ, რადგან ამ ეტაპზე ისტორიაში პირველად გავედით. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ და მიღწეული შედეგით არ დავკმაყოფილდეთ. წარსულში ირლანდიასთან თამაშები არცთუ სასიამოვნოდ გვახსენდება. თუმცა ახლა სხვა გუნდი ვართ, განსხვავებული შემართებითა და მომზადებით. უფრო მეტად ვართ განვითარებულები და ვფიქრობ, შეგვიძლია დასახული მიზნის მიღწევა“.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების ორმატჩიანი პლეი ოფი 25 და 29 ოქტომბერს გაიმართება. პირველი მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე შედგება. გამარჯვებული მეორე ეტაპზე სლოვაკეთისა და უელსის წყვილში საუკეთესოს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.