ანა ბუჩუკური - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კანონპროექტი ყველაზე მავნებლური გადაწყვეტილებაა და „ნაციონალური მოძრაობა“ ამაში ხელს გიწყობთ, რადგანაც პარლამენტში სკამები ცარიელია
ანა ბუჩუკური - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კანონპროექტი ყველაზე მავნებლური გადაწყვეტილებაა და „ნაციონალური მოძრაობა“ ამაში ხელს გიწყობთ, რადგანაც პარლამენტში სკამები ცარიელია

ეს არ არის ამ სამსახურის რეფორმა, ეს არის შტურმი დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, – ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პირველი მოსმენით განიხილება საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ბაზაზე ორი სამსახური ყალიბდება.

ანა ბუჩუკურის თქმით, კანონპროექტი, რომელსაც დღეს პარლამენტი განიხილავს, არის ყველაზე მავნებლური და „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ყველაზე საშიში გადაწყვეტილება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობაც“ უწყობს ხელს, რადგან დღეს პარლამენტში მათი სკამები ცარიელია.

„დღეს ეს კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს არის ყველაზე მავნებლური და ყველაზე საშიში გადაწყვეტილება, რაც „ქართულ ოცნებას“ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მიუღია და სამწუხაროდ, ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამაში ხელს გიწყობთ, რადგანაც ეს სკამები დღეს ცარიელი არ უნდა იყოს. გუშინ ძალიან ბევრი კითხვად დაისვა კომიტეტზე, მაგრამ არც ერთ მათგანზე პასუხი არ მიგვიღია, გარდა იმისა, რომ მოგყავთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა. მე გავიმეორებ შეკითხვებს – რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები იღებოდეს დაჩქარებული წესით; რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება ისე, რომ პარლამენტის მიერ არჩეული, იმუნიტეტის მქონე ადამიანის სახლში გასაშვებად იღებთ კანონს საახალწლოდ; რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ ასეთი მნიშვნელობის კანონპროექტი იწერებოდეს კონსპირაციულად და მალულად; რომელ ევროპულ ქვეყნაში ხდება, რომ ასეთი მნიშვნელობის კანონპროექტს უმალავენ იმ სახელმწიფო უწყებას, რომელსაც ეხება ეს კანონპროექტი; რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ რვა დღის უკან ამ სახელმწიფო უწყების მიერ პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიშის განხილვაც არც დაგიწყიათ და არც მოგისმენიათ ამ უწყებისთვის, რომ შეგვეფასებინა ყველას ერთად მათი მუშაობის ეფექტიანობა.

თქვენ საუბრობთ რეკომენდაციებზე, რომელიც გაცემული იყო წლების წინ და თითქოს, რომ ამ რეკომენდაციებს ასრულებთ, ასე ცდილობთ შეფუთოთ ეს მავნებლობა. რეკომენდაციებში ასევე იყო რეკომენდაციები ამ სამსახურის შინაარსობრივ გაძლიერებასთან დაკავშირებით. მაქვს ორი კითხვა – რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდებოდა ამ სამსახურისთვის მანდატის გაფართოებას, მაგალითად დევნის დამოუკიდებლად დაწყებასთან დაკავშირებით – ამას რატომ არ ითვალისწინებთ?! მეორე რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა ამ სამსახურის მანდატის გაფართოებას და გავრცელებას, სუს-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ხელმძღვანელობაზე – ამას რატომ არ ითვალისწინებთ?! ყველაფერი, რაც თქვით გუშინ და დღეს, არის ტყუილი. ერთადერთი სიმართლე, რაც თქვენ წამოგცდათ, არის ის, რომ ეს არ არის ამ სამსახურის რეფორმა, ეს არის შტურმი დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, ყოჩაღ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.