ანა ბუჩუკური - დღეს ფუძნდება ჩვენი პარტია „საქართველოსთვის“ და სამომავლო გეგმებზე, მოდით, არ დაგასპოილერებთ
დიდი ხანია, საზოგადოება განსაკუთრებით ელოდება და როგორც იქნა, ფუძნდება ჩვენი პარტია „საქართველოსთვის“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ანა ბუჩუკურმა.
„რაც შეეხება პარტიის სამოქმედო გეგმებს, სამომავლო გეგმებს, მოდით, არ დაგასპოილერებთ; დაველოდოთ ღონისძიებას, ჩვენი ლიდერიც ისაუბრებს ხედვებთან დაკავშირებით და მერე ყველაფერი, ჩვენი გუნდის თითოეული ნაბიჯი საზოგადოებისთვის თქვენი, მედიის მეშვეობით იქნება ცნობილი“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ბუჩუკურის თქმით, პარტია მონაწილეობას მიიღებს აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის მომავალ არჩევნებში.
„ერთი შემიძლია, გითხრათ ამ ეტაპზე, ჩვენი ყველა კანდიდატი იქნება ღირსეული. ზოგადად, ყველა ხედავს, თუ როგორი მოლოდინი არის საზოგადოებაში ბატონი გიორგის მიმართ, რეიტინგებს ზოგადად ზომავს ამომრჩეველი, ამიტომ ახლა არ მინდა, რომ ჭორაობა გამომივიდეს, თუმცა მოლოდინის ეს დიდი ხარისხი გვაფიქრებინებს, რომ მას დიდი რეიტინგი აქვს, ძალიან მაღალი და ეს „აირაის“ ბოლო კვლევებმაც დაადასტურა“, – აღნიშნა ბუჩუკურმა.
ამასთან, შეკითხვაზე, იქნება თუ არა პარტიის დღევანდელ დამფუძნებელ კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ კრიტიკა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა: „რას მოვისმენთ და რას არა, ამას ვნახავთ ექვს საათზე და ზოგადად, ალბათ გაინტერესებთ, რა პოლიტიკურ კურსს აირჩევს ჩვენი გუნდი; ამასაც თანმიმდევრულად ნახავთ, არავის კრიტიკა არ გვეშინია და არავის შექება არ გვეშინია, გააჩნია, ქმედებები რა იქნება. გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის რეიტინგი გაიზომება არჩევნებზე“.