ანა ბაგრატიონის ადვოკატი - დავით ბაგრატიონი თავს საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს უწოდებს, რასაც ვეწინააღმდეგებით
ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი ლევან გორელაშვილი აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თავს საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს უწოდებს, რასაც ეწინააღმდეგებიან. მისივე თქმით, ის რეალურად არ წარმოადგენს სამეფო ოჯახს, თუმცა ტიტულს იყენებს.
„დღეის მდგომარეობით, მტკიცებულებების სახით გვაქვს პრესაში გავრცელებული ინფორმაცია – „დეილი მეილის“ ჟურნალისტმა ჩაატარა ჟურნალისტური ექსპერიმენტი, როდესაც სატელეფონი შეთავაზებისას დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კონკრეტული თანხის სანაცვლოდ დათანხმდა მას ორდენის გადაცემას. ეს არის ერთეული შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა. თუმცა ჩვენთვის ცნობილია სხვა შემთხვევების შესახებაც, როდესაც აღნიშნულს ადგილი ჰქონდა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან. ამ საქმეში ეს არის ძალიან ვიწრო ნაწილი. იგი თავის თავს უწოდებს საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს. მას აღნიშნული ინფორმაცია თავის საიტზე აქვს მითითებული და ეს არის ის ძირითადი საკითხი, რასაც ვეწინააღმდეგებით. ჩვენი მიზანია, რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი რაღაცები. ამისთვის ვიბრძვით“, – განაცხადა ლევან გორელაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე მსჯელობენ. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენების გამო ედავებიან. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს.