ანა ბაგრატიონის ადვოკატი - ჭორების გასაფანტად სვეტიცხოველში დაკრძალული ორი ცხედრის ექსჰუმაციაზე ვერ წავალთ
ჭორების გასაფანტად სვეტიცხოველში დაკრძალული ორი ცხედრის ექსჰუმაციაზე ვერ წავალთ, – განაცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სამეფო ოჯახის დავაზე პროცესი გაიმართა. ადვოკატის თქმით, სასაცილოა განცხადება, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სიხარულიძეა.
„განცხადება, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სიხარულიძეა, არათუ საფუძველსაა მოკლებული, არამედ მარაზმში გადადის და ამაზე საუბარი სასაცილოა. რეალურად, დნმ ანალიზზე საუბარი ამ ეტაპზე უნდა დასრულდეს.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილია, რომ ამ მეთოდით პირთა შორის კავშირის დადგენა არ ხდება. იმისთვის, რომ პირთა შორის ნათესაური კავშირი დადგინდეს, საჭიროა, სვეტიცხოვლიდან პეტრე პეტრეს ძე გრუზინსკისა და პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის ექსჰუმაცია მოხდეს. ამ ჭორებისა და სულელური არგუმენტაციის გამოსარიცხად, რომ ვიღაც სიხარულიძე ყოფილა, ამხელა რაღაცაზე არ წავალთ და ცხედრების ექსჰუმაციაზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.
საქალაქო სასამართლოში საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე იმსჯელეს. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენების გამო ედავებიან. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს. თავის მხრივ, დავით ბაგრატიონის ადვოკატი აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი და სიხარულიძეა.
საკითხთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი 11 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება.