ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ხვალ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ხვალ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ხვალ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტს.

როგორც ანა ბაგრატიონის უფლებადამცველმა ლევან გორელაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში ანა ბაგრატიონი 13:00 საათზე მივა.

„ჩვენ არც ინფორმაცია გაგვივრცელებია და არც საჩივრით მიგვიმართავს პროკურატურისთვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ინფორმაცია გავრცელდა მედიასაშუალებებით და დაიწყო გამოძიება. ხვალ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი მივა სამმართველოში გამოკითხვაზე აუცილებლად. იქ რამდენიმე ფაქტია, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მათ შორის არის ცემის მუხლი და ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რადგან ბატონ დავითს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკეტილი ჰყავდა სახლში, ვიდრე არ გაუვლიდა ჩალურჯებები, რაც მას მიადგა ცემის შედეგად. დაზიანებების დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნებიც გაგვაჩნია და ეს საქმეშიც დევს“, – განაცხადა გორელაშვილმა

დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

„ეს არის სისულელე და შავი პიარის ნაწილი, რომელსაც მეორე მხარე უკვე აქტიურად აწარმოებს ჩვენ წინააღმდეგ. ამბობენ, რომ ვიღაცამ ცემა ანა, მაგრამ ვინ ცემა? ეს ვიცით? საუბარია, რომ ბატონმა დავითმა თითქოს საგურამოში ცემა 2014 წელს ანა. რა უნდა ანას საგურამოს სახლში, როცა 2012 წელს უკვე ესპანეთში დაშორდნენ და რომ ჩამოვიდნენ, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. დაიწყო შავი პიარის მორიგი სერია“,- განაცხადა ადვოკატმა.