ამსტერდამის სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა
ამსტერდამის სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა

ამსტერდამის სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა. როგორც დადგინდა, თვითმფრინავის მფრინავმა განგაშის ღილაკს ხელი შემთხვევით დააჭირა.

შეგახსენებთ, 6 ნოემბრის საღამოს ნიდერლანდების დედაქალაქის აეროპორტში ავიალაინერის გატაცების მცდელობის განგაში ამოქმედდა, რის გამოც ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, სამხედრო პოლიცია, სამაშველო სამსახური და სამედიცინო დახმარება. თვითმფრინავიდან მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია განხორციელდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ლაინერი გაჩხრიკეს, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.

ინციდენტი ავიაკომპანია „ეარ ევროპის“ თვითმფრინავის ბორტზე მოხდა, რომელსაც ამსტერდამიდან მადრიდში უნდა შეესრულებინა რეისი. ცრუ განგაშის გამო დაიხურა აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალი. მოგვიანებით ავიაკომპანიამ განგაშის მიზეზი განმარტა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. მომხდარის გამო სხიპჰოლის აეროპორტში რამდენიმე რეისი შეფერხებით შესრულდა.