„ამნესთი ინთერნეშენალის“ ანგარიშის მიხედვით, ბუჩაში არაერთი მკვლელობა განხორციელდა შაშხანებით, რომელსაც რუსული სპეცრაზმი იყენებს
„ამნესთი ინთერნეშენალში“ აცხადებენ, რომ ბუჩაში რამდენიმე ადამიანი მოკლეს შაშხანებით, რომელსაც რუსული სპეცრაზმი იყენებს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც დოკუმენტირებულია ბუჩაში ჩადენილი 22 მკვლელობა და ბოროდიანკაში განხორციელებული ავიადარტყმების გარემოებები, რომლის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„ჩვენ მიერ დოკუმენტირებულ დანაშაულთა სერია, რომელიც ჩაიდინეს რუსულმა ძალებმა, მოიცავს როგორც უკანონო თავდასხმებს, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობებს“, – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, აგნეს კალამარმა.
ორგანიზაციამ მტკიცებულებები კიევის ოლქში განთავსებულ რვა ქალაქში შეაგროვა, მათ შორის ბუჩაში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბუჩაში არაერთი მკვლელობა განხორციელდა შაშხანებით, რომლებსაც რუსეთის არმიის სპეცრაზმი იყენებს. ორგანიზაციის თანამშრომლებმა მკვლელობის ადგილზე აღმოაჩინეს 7N12 ტიპის 9×39 მმ ჯავშანსაწინააღმდეგო ტყვიების ვაზნები, რომლებიც საკმაოდ იშვიათი საბრძოლო მასალაა და ჩვეულებრივ გამოიყენება ე.წ. Вал და Винторез შაშხანებიდან სროლისთვის, რომლებიც რუსეთის არმიისა და ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმების არსენალში შედის. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ იყენებენ ასეთ ვაზნებს და შაშხანებს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ ბუჩაში დისლოცირებული რუსული არმიის კონკრეტული ქვედანაყოფების დოკუმენტებიც აღმოაჩინა.