ამხანაგური მატჩები ესტონეთთან - 19-წლამდელთა ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს ესტონეთში ჩაატარებს.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები სპარინგ-შეხვედრებს ტალინში გამართავს, სადაც ესტონეთის თანატოლთა გუნდთან ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართება. ესტონეთის დედაქალაქში შეხვედრები 5 და 7 სექტემბერს დაიგეგმა.
ვასილ მაისურაძე გუნდს ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ამზადებს, რომლის წილისყრაც 2020 წლის 9 დეკემბერს გაიმართა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
ჩვენი გუნდი მე-10 ჯგუფში ნორვეგიას, უელსს და კოსოვოს შეხვდება. მინი-ტურნირს 6-დან 12 ოქტომბრამდე ნორვეგია უმასპინძლებს. ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს. 19-წლამდე ნაკრებთა ევროპის 21-ე ჩემპიონატი, 2022 წლის ზაფხულში სლოვაკეთში შედგება.
ახალ ციკლში კარგი შედეგი მნიშვნელოვანი იმითაცაა, რომ 19-წლამდე ნაკრებების შემდეგი ევროპის ჩემპიონატი ერთა ლიგის ფორმატით გაიმართება და დაკავებული ადგილების მიხედვითაც გაირკვევა, ვინ უფრო პრესტიჟულ დივიზიონში მოხვდება.
ვასილ მაისურაძის გუნდი მზადებას აგვისტოს დასაწყისიდან შეუდგა და აზერბაიჯანის 19-წლამდე ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი ბაქოში გამართა – პირველი 3:2 მოიგო, მეორეში კი 1:2 დამარცხდა.