ამხანაგურები ახალგაზრდული ნაკრებისთვის - სვანაძის გუნდი პორტუგალიას და თურქეთს ესტუმრება #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ცნობის მიხედვით, რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს ქალაქ კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის „ქასიმფაშას“ სტადიონზე თურქეთს შეხვდება.
პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებთან მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეზობელი თურქეთის ახალგაზრდულ გუნდთან 21:00 საათზე. მატჩების შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 2023 წელს საქართველო და რუმინეთი ერთად უმასპინძლებენ. მატჩები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, ფინალი კი ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ დაიგეგმა.
რამაზ სვანაძის გუნდი ტურნირზე ავტომატურად ითამაშებს და ევრო 2023-ისთვის ემზადება. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო მატჩი გორში, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარა და ცოტნე კაპანაძის დუბლით 2:0 მოიგო.