ამირან გულუაშვილი - საპარლამენტო იმუნიტეტი არავისთვის არის ინდულგენცია, ყველა ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს
ამირან გულუაშვილი - საპარლამენტო იმუნიტეტი არავისთვის არის ინდულგენცია, ყველა ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს

საპარლამენტო იმუნიტეტი არავისთვის არის ინდულგენცია, ყველა ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სამართლებრივი სახელმწიფო კანონის მოთხოვნების შესრულებას გულისხმობს, მიუხედავად იმისა, ეთანხმები თუ არა მას.

„საპარლამენტო იმუნიტეტი არავისთვის არის ინდულგენცია. ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუა რა მას. ნიკა მელიას და მის ადვოკატებს შესაძლოა, ჰქონდეთ საკუთარი ხედვა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ან ზოგადად, კანონის ინტერპრეტირებასთან დაკავშირებით. ეს ხედვა შეიძლება იყო პოზიტიური ან ნეგატიური. ამის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს სამართლებრივი ინსტიტუტების პატივისცემას, რაც გამოიხატება კანონის მოთხოვნების შესრულებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა მელიას დაკისრებული აქვს გირაოს თანხის გადახდის ვალდებულება. ის ვალდებულია, თანხა გადაიხადოს, ეთანხმება თუ არა გირაოს.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, ჯერ კიდევ 2019 წლის 27 ივნისს, როცა სასამართლომ მოს მიმართ აღკვეთის ღონისძიება განიხილა, მაშინვე იდენტიფიცირებული იქნა ოთხი საფრთხე – მიმალვა, მტკიცებულებათა განადგურება, მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ დაადასტურეს საკუთარი განჩინება, რომ ოთხივე საფრთხე სახეზე იყო“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

დატოვე კომენტარი