ამირან გულუაშვილი - ნინო ლომჯარია სრულად არ იცნობს გვარამიას საქმის მასალებს და მას არ უცდია ჩვენთან, ბრალდების მხარესთან კომუნიკაცია
ამირან გულუაშვილი - ნინო ლომჯარია სრულად არ იცნობს გვარამიას საქმის მასალებს და მას არ უცდია ჩვენთან, ბრალდების მხარესთან კომუნიკაცია

ნიკა გვარამიას საქმის პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აქვს მსგავსი პოზიცია მაშინ, როცა ის სრულად არ იცნობს სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

მისივე თქმით, ნინო ლომჯარიას ბრალდების მხარესთან არ უცდია კომუნიკაცია და მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდათ ფრაგმენტულად სისხლის სამართლის საქმის მასალები.

„სისხლის სამართლის საქმე რომ შეფასდეს, აუცილებელია, შემფასებელმა, სულ მცირე სრულად იცოდეს ის ინფორმაცია, რაც საქმეშია მოცემული“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი ლაივი.

პროკურორის განმარტებით, თვალსაჩინოდ და დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ მოხდა პირდაპირი ფინანსური ზიანის მიყენება კომპანიისთვის იმ განზრახვით, რომ ეს კომპანია გაკოტრებამდელ მდგომარეობამდე მიყვანილიყო.

„არის გარემოება, რომელშიც სახალხო დამცველს, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ უნდა დავეთანხმოთ და ფაქტობრივად ჩვენც ანალოგიური სამართლებრივი შეფასებით წარვდექით სასამართლოს წინაშე. ისინი ამბობენ, რომ თუ არსებობს პირადი დაინტერესება და ამავდროულად არსებობს კომპანიისთვის ზიანის მიყენება, ეს სამართლებრივად დანაშაულს წარმოადგენს. ჩვენს მოცემულ შემთხვევაში თვალსაჩინოდ და დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ მოხდა პირდაპირი ფინანსური ზიანის მიყენება კომპანიისთვის იმ განზრახვით, რომ ეს კომპანია გაკოტრებამდელ მდგომარეობამდე მიყვანილიყო“, – აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 16 მაისს „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა.

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეფასებით, „კანონიერების პრინციპი დაირღვა, როდესაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა იმ ქმედებისთვის, რომელიც, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საერთოდ არ ითვლება დანაშაულად“.

დატოვე კომენტარი