ამირან გულუაშვილი - ადვოკატებისა და თავად ნიკანორ მელიას მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს პატიმრობა
ამირან გულუაშვილი - ადვოკატებისა და თავად ნიკანორ მელიას მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს პატიმრობა

ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურამ 25 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის წინადადება დააყენა, რითაც დაცვის მხარეს შესთავაზა, რომ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს ამის სურვილი ჰქონდა.

პროკურორის თქმით, „​ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი“.

„მოცემული საქმის განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ იქნება წარმოდგენილი ყველა უტყუარი მტკიცებულება, რაც ცალსახად დაადასტურებს ნიკანორ მელიას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოხდება მოწმეთა დაკითხვა, გამოკვლეული იქნება ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ძალიან ნათლად ასახავს ნიკანორ მელიას დანაშაულებრივ ქმედებებს 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენებისას. გამოკვლეული იქნება ყველა ის მტკიცებულება, რაც სასამართლოს ნათლად დაარწმუნებს მის ბრალეულობაში.

მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარე იქნება წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებით და მყარი პოზიციით. ნიკანორ მელიას მიმართ წარდგენილი ბრალდების შესაბამისი საკანონმდებლო სტანდარტი არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოს მიერ. სასამართლომ არაერთხელ დაადასტურა, რომ არსებობს, ერთი მხრივ, დასაბუთებული ვარაუდი მის მიერ დანაშაულის ჩადენისა და მეორეს მხრივ, ალბათობის მაღალი ხარისხი, რაც შედარებით უფრო მაღალი ხარისხი არის მტკიცებულების სტანდარტთა მიმართებით. საქმეში მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება, ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ნიკანორ მელიას მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას და ამ ქმედებების ორგანიზებაც, რომელიც საბოლოო ჯამში, განხორციელდა პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმის გამო, რომ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული არის პატიმრობა, სასამართლოს აქვს კანონისმიერი ვალდებულება, ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა. ჩვენ ჯერ კიდევ 25 თებერვალს, საჯაროდ შევთავაზეთ დაცვის მხარეს ლეგიტიმური, კანონისმიერი საშუალება, რათა ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს ამის სურვილი ჰქონდა.

ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურატურამ საჯარო განცხადებით დაცვის მხარეს შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა მათი მზადყოფნის შემთხვევაში, როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, თუმცა დაცვის მხარე რეალურად ახდენს კანონით სპეკულირებასა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, ამბობს, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმაც იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება, მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი. რეალურად, ნიკანორ მელიასა და მისი ადვოკატების მიზანი არის, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

20-21 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა მიმდინარე წლის 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტმა მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები შეუფარდა, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, საჯარო განცხადების გაკეთებისას ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაო არ გადაიხადა.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დატოვე კომენტარი