ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გამოკვლევების მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი თანახმაა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროს
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გამოკვლევების მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი თანახმაა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროს

გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოციოლოგიური გამოკვლევები ჩვენთანაც ტარდება და 50-დან 60 პროცენტი ადამიანების თანახმაა, რომ ვაქცინაცია ჩაიტაროს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ ვაქცინაციაზე მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა უარს აცხადებს, განპირობებულია იმითაც, რომ ქვეყანაში ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობაა. ამირან გამყრელიძეს მიაჩნია, რომ მოსახლეობა ვაქცინაციის შესახებ სათანადოდ ინფორმირებული არ არის და ამაში მედიას თავისი წვლილის შეტანისკენ მოუწოდა.

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოციოლოგიური გამოკვლევები ჩვენთანაც ტარდება და დაახლოებით ამ ფარგლებში მერყეობს, 50-დან 60 პროცენტი ადამიანების თანახმაა, რომ ვაქცინაცია ჩაიტაროს. სხვადასხვა სპერიოდში არის ჩატარებული გამოკითხვა. როცა ნოემბერში ჩატარდა, მაშინ უფრო მეტი იყო მაჩვენებელი, რადგან მეტი იმედი ჰქონდათ ადამიანებს, ვინაიდან ვითარება იყო რთული, სიკვდილიანობა გაიზარდა ნოემბერ-დეკემბერში და ასე შემდეგ. შემდეგ ეს შემცირდა.

ვერ გეტყვით, რომ შემცირება სტატისტიკურად ძალიან სარწმუნოა, რადგან ყოველთვის მერყეობს ციფრები და ეს მხოლოდ კოვიდვაქცინაზე არ არის. მოგეხსენებათ, რომ ანტივაქსერული მოძრაობა მსოფლიოში და ჩვენთანაც არის ძალიან ძლიერი მოძრაობა. ჩემი აზრით, ამის ერთ ერთი მთავარი მიზეზი მაინც მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობაა. ამიტომ უნდა მოგვეხმაროთ, რადგან პანდემიის დამარცხების გზა სამ ან ოთხ მიმართულებაზე გადის: სწორი და დროულად დაწესებული გონივრული შეზღუდვები (ოქროს შუალედის ნახვა შეზღუდვებსა და ნაკლებ წნეხს შორის), მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია და მესამე ეგრეთ წოდებული პირდაპირი მოქმედების ანტიოვირუსული წამლების ხმარება, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ წელში უკვე იქნება.

ასევე კიდევ ერთი გზა, რომელიც ალბათ განსახილველია, გარკვეული პერიოდის შემდეგ ვირუსი დაამთავრებს ეგრეთ წოდებულ, თავის ბიოლოგიურ ციკლს, ის გარკვეულწილად შესუსტდება და გადაიქცევა მთელი წლის განმავლობაში ან შედარებით სუსტ ვირუსად, ან სეზონურ ვირუსად, როგორიც არის გრიპის ვირუსი. მაგრამ, მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი თეორიული მსჯელობის საგანია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.