ამირან გამყრელიძე - ყოველდღიურად 9-15 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის, ხაზგასმით მინდა, გითხრათ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა სიფრთხილე გვმართებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა ის რაოდენობა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ფიქსირდება, მოულოდნელი არ ყოფილა.
გამყრელიძის თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკა იხსნება და მობილობაც იზრდება, შემთხვევების ზრდა ბუნებრივია.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა სიფრთხილე გამოიჩინონ.
„ის, რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება, როდესაც ჩვენ გვაქვს 9, 11, 13, 14, 15 შემთხვევა ყოველდღიურად, ეს პრინციპში პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოგეხსენებათ, ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ეს არ არის არც პანიკის, არც რაღაც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ეს ყველაფერი მართვადია, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ ტიპის სვლით ჩვენ არაფერი პრობლემა არ შეგვექმნება. ჯანდაცვის სისტემა მართავს ამ ინფიცირებულებს“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ე.წ მსუბუქ შემთხვევათა რიცხვის მატების ტენდენცია შეინიშნება.
„ერთი ასეთი დინამიკა შეიმჩნევა – დღეს საღამოს ან ხვალ ალბათ გამოქვეყნდება ჩვენი მეორე მიმოხილვა და იქ ნახავთ, რომ შედარებით იმატებს ე.წ მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში. ეს ახალი დადასტურებული შემთხვევებიც, შემიძლია გითხრათ, რომ კლინიკირად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.