ამირან გამყრელიძე - წელს ადამიანში ცოფის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ განგაშის ზარია შემოსაკრავი, რადგან ძაღლებში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები
ამირან გამყრელიძე - წელს ადამიანში ცოფის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ განგაშის ზარია შემოსაკრავი, რადგან ძაღლებში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში წელს ადამიანში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თუმცა, მისივე განმარტებით, ვინაიდან ცხოველებში ცოფის ვირუსი გამოვლინდა, საჭიროა კონტროლის გააქტიურება.

„სამწუხაროდ, შარშან გვქონდა ერთი შემთხვევა ცოფის, ჰიდროფობიის, რომელიც იყო ადამიანში, იყო სამწუხაროდ ჩვენს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან შემოტანილი შემთხვევა. შარშანწინ გვქონდა ორი, იმის წინ 2015-16-17-ში არც ერთი შემთხვევა არ გვქონია და ძალიან დიდი მიღწევა იყო. მადლობას ვუხდიდი ჩვენს კოლეგებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ძალიან სერიოზული როლი ითამაშა მაშინ ამ საკითხში, როგორც მთელმა სისტემამ.

სამწუხაროდ, შარშანწინ ორი, იქიდანაც ერთი გახლდათ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, შარშან ერთი. წელს ადამიანში ჰიდროფობიის არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ცოტა განგაშის ზარი შემოსაკრავია, რადგან ქუჩაში, თბილისში ძაღლებში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, გამყრელიძემ განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე ახალი განკარგულება მომზადდა.

„ახალი განკარგულება მოვამზადეთ ამისთვის, მთავრობის დადგენილება და იმედია, რომ მას მალე მიეცემა მსვლელობა, რათა სამმა უწყებამ  – ჯანდაცვამ, სოფლის მეურნეობის, ანუ ვეტერინარიის უწყებამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვაკონტროლოთ ეს საკითხი“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, რომ ცხოველებში ცოფის შემთხვევები თბილისში და საქართველოს სხვა ტერიტორიაზეც ყოველწლიურად რეგისტრირდებოდა.

„როცა წერენ, რომ თბილისში უკანასკნელ პერიოდში გამოვლინდა, მანამდე წლების განმავლობაში ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, ასე არ იყო. თბილისში, ისევე როგორც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოველწლიურად რეგისტრირდებოდა ცოფის შემთხვევები ცხოველებში, თუმცა ამას თან ერთვის დიდი სამუშაო“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.