ამირან გამყრელიძე - ვფიქრობთ, კორონავირუსის გავრცელების პიკი გვექნება ნოემბრის მეორე, მესამე კვირას, ამიტომ გაგრძელდება შემთხვევების ზრდის ტენდენცია, მთავარია, პროცესი დღემდე მართვადია
ამირან გამყრელიძე - ვფიქრობთ, კორონავირუსის გავრცელების პიკი გვექნება ნოემბრის მეორე, მესამე კვირას, ამიტომ გაგრძელდება შემთხვევების ზრდის ტენდენცია, მთავარია, პროცესი დღემდე მართვადია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პროგნოზირების სხვადასხვა მოდელის გამოყენებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირაშია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, შემთხვევების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. თუმცა, გამყრელიძე ამბობს, რომ პროცესი დღემდე მართვადია და მთავარია, ეს შენარჩუნდეს.

„ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა. პროგნოზირების სხვადასხვა მოდელის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ძირითადად ვეყრდნობით სამ მოდელს, ვფიქრობთ, პიკი გვექნება სადღაც ნოემბრის მეორე, მესამე კვირას, ამიტომ ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მთავარია, ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს სრულად მართვადი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, 18 782 აქტიური შემთხვევიდან 25 პროცენტი იმყოფება სტაციონარებში. „სასურველია, სტაციონარში გადაყვანის პროცენტი იყოს 15-20 პროცენტის ფარგლებში“, – დასძინა გამყრელიძემ.

ამასთან, მან ისაუბრა ევროპის რეგიონის მასშტაბით საერთაშორისო გლობალური ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის ანალიზზეც.

„ყოველკვირეულ სიკვდილიანობას ანგარიშობენ, ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ კოვიდი გახდა უკვე გულის იშემიური დაავადების და ინსულტის შემდეგ, ბოლო კვირის განავლობაში  სიკვდილიანობის მესამე მიზეზი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.