ამირან გამყრელიძე - უქმე დღეების მიუხედავად, არაა შემცირებული მობილობა, დანის პირზე გავდივართ, რომ არ მივიღოთ ძლიერი ნახტომისებური ეპიდაფეთქება
ამირან გამყრელიძე - უქმე დღეების მიუხედავად, არაა შემცირებული მობილობა, დანის პირზე გავდივართ, რომ არ მივიღოთ ძლიერი ნახტომისებური ეპიდაფეთქება

უქმე დღეების მიუხედავად, არაა შემცირებული მობილობა, დანის პირზე გავდივართ, რომ არ მივიღოთ ძლიერი ნახტომისებური ეპიდაფეთქება, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 76 პროცენტია, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი.

„ჩემი პირადი შეხედულებით, ჩვენ გარკვეულწილად პიკში ვართ ახლა. შეიძლება, ეს პიკი გაგრძელდეს ორი-სამი კვირის განმავლობაში. არ მგონია, რომ ამ პიკში გვქონდეს და არც გვინდა, რომ გვქონდეს ისეთი მაჩვენებლები, როგორიც გვქონდა ნოემბრის ბოლოს-დეკემბერში ანუ ოთხი-ხუთი ათასი შემთხვევა დღეში და ზოგჯერ მეტი. ახლა მე ვფიქრობ, რომ ახალი შემთხვევების რიცხვმა უნდა იმერყეოს 1 000-2 000-ის ფარგლებში, სადაც ვართ ახლა.

პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 76% გვაქვს, რაც არ არის ცუდი, მაგრამ კარგი იქნება, თუ ავალთ 90-95%-ზე. სამწუხაროდ, არ არის შემცირებული მობილობა, მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღეებია და გარკვეული შეზღუდვები დღესასწაულებზე გვქონდა. ასე რომ, დანის პირზე გავდივართ ახლა, რომ არ მივიღოთ ძლიერი ნახტომისებური ეპიდაფეთქება. ამისთვის აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ, რომ სერიოზულია ეპიდსიტუაცია და უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, მეტად დავაჩქაროთ ვაქცინაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხს, ამირან გამყრელიძის თქმით, აკვირდებიან სიტუაციას.

„ვნახოთ, დავაკვირდეთ. ალბათ, სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩატარდება საკოორდინაციო საბჭო. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებას სწორედ საბჭო იღებს. არ მგონია, ახლა სიტუაცია მართვადია. კი არის ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, მაგრამ ჯანდაცვის სისტემას საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული და უძლებს ამ ზეწოლას. ყველა ერთად თუ დავიცავთ წესებსა და რეკომენდაციებს, მაშინ დამატებითი შეზღუდვები არ გვინდა. როგორმე მაისი უნდა გავიაროთ ამ ფარგლებში და არ მივცეთ ბიძგი ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო მეტად გაუარესებას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი