ამირან გამყრელიძე - უნდა ველოდოთ კორონავირუსის შემთხვევების ზრდას, მივეჩვიოთ, რომ პირბადე გახდება კოვიდთან თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი, როგორც ცხვირსახოცი ჯიბეში
ამირან გამყრელიძე - უნდა ველოდოთ კორონავირუსის შემთხვევების ზრდას, მივეჩვიოთ, რომ პირბადე გახდება კოვიდთან თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი, როგორც ცხვირსახოცი ჯიბეში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი, რადგან ზრდის ტენდენცია გლობალურია და ცალკე აღებული საქართველო მას ვერ შეაჩერებს.

აქედან გამომდინარე, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, როგორც დღევანდელ ვითარებაში ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება.

„უნდა ველოდოთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა იქნება, რადგან ეს ტენდენცია გლობალურია და მას მარტო საქართველო ვერ შევაჩერებთ. ჩვენ კიდევ კარგა ხანს უნდა ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად, სულ მცირე წელიწადი, წელიწადნახევარი. უნდა მივეჩვიოთ, რომ პირბადე გახდება  ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი, როგორც ცხვირსახოცი გვიდევს ჯიბეში. პირბადე უნდა გვქონდეს სახეზე, რადგან ამაზე უკეთესი დამცველობითი მეთოდი ვერ გამოიგონა მედიცინამ.

სერიოზული პროგრესია ვაქცინების კვლევებში, წამლებთან მიმართებაში, მაგრამ ჯერ არც ერთი დამტკიცებული არ არის და ეფექტურობა ცნობილი არ არის. ცნობილია პირბადის ეფექტურობა – თუ  ყველას გვიკეთია პირბადე, გავრცელების მაჩვენებელი 50-დან 70 პროცენტამდე მცირდება, ხოლო ორ ადამიანს შორის ურთიერთობის დროს გადადების რისკი 90 პროცენტით მცირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.