ამირან გამყრელიძე - ტესტირების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა შემთხვევები ერთნიშნა ციფრს არ ასცილებია, ეს არაპირდაპირი ნიშანია, რომ ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს
ამირან გამყრელიძე - ტესტირების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა შემთხვევები ერთნიშნა ციფრს არ ასცილებია, ეს არაპირდაპირი ნიშანია, რომ ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა გაიზარდა და გამოსაკვლევ პირთა წრეც გაფართოვდა.

თუმცა, გამყრელიძის ინფორმაციით, ტესტირების გაზრდასთან ერთად, გამოვლენილ ახალ შემთხვევათა რაოდენობა ერთნიშნა ციფრს არ ასცილებია, რაც არაპირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს.

მიუხედავად ამისა, გამყრელიძე კვლავ აფრთხილებს მოსახლეობას, რომ აღნიშნული მონაცემები სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა და ნიღაბი, დისტანცია, ხელების ხშირი სანიტარული დამუშავება კვლავ მთავარი რეკომენდაციაა.

„ტესტირებების რაოდენობა გაზრდილია. ივნისში უკვე საშუალოდ 1800-ზე ვართ ასული დღის განმავლობაში, ივლისში, გუშინწინ გვქონდა 3000, 2800-მდე გუშინ. ანუ, იზრდება. არის მთავრობის ახალი დადგენილება, დაახლოებით, ორი კვირის წინანდელი, რომლის მიხედვითაც, გაიზარდა ჯგუფები, სადაც ტესტირება ტარდება. ასევე, გაიზარდა სიხშირე. იგივე ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი, ვინც კოვიდის კლინიკებში, ცხელების ცენტრებში მუშაობენ, სასწრაფოს ექიმები და ა.შ. იქ პერიოდულობა ერთ კვირამდე შემცირდა, ზოგან ისევ ორი კვირა დარჩა.

მოგეხენებათ, ბოლო დღეებში ტესტირების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა ერთნიშნა ციფრს არ ასცილებია. ანუ, ეს იმის არაპირდაპირი ნიშანია, რომ ჩვენთან შიგნით, ქვეყანაში ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, რაც კარგია, მაგრამ არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, რომ ისევ დავიწყოთ დიდი დღეობები, დიდი ქორწილები, დიდი შეკრებები, რადგან პრინციპი რჩება – ნიღაბი, დისტანცია და ხელების ხშირი სანიტარული დამუშავება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, ახლა განსაკუთრებული ყურადღება სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მიმართაა მიპყრობილი.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში დღეს გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევიდან ექვსი სწორედ სატვირთოს მძღოლია.

თუმცა, გამყრელიძე აცხადებს, რომ რვავე შემთხვევა იდენტიფიცრებულია და ინფიცირების წყაროები ცნობილია.

„განსაკუთრებული ყურადღება ახლა არის ე.წ. ტრაილერის მძღოლებზე. დღეს გვაქვს რვა ახალი შემთხვევა და აქედან ექვსი არის ე.წ. ტრაილერის მძღოლი. ყველა არის შემოტანილი ქვეყანაში, ყველას წყარო ვიცით, ყველა იდენტიფირებულია და გადაყვანილნი არიან სამკურნალო დაწესებულებებში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა თვითიზოლაციასა და კარანტინთან დაკავშირებით და განმარტა, რომ უპირატესობა ენიჭება კარანტინს, ვინაიდან თვითიზოლაცის წესი ბევრმა მოქალაქემ დაარღვია.

„თვითოზოლაცია იზოლირების ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ როცა პირველ ეტაპზე დაშვებული იყო თვითიზოლაცია, ბევრი დარღვევა იყო და შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, უპირატესობა მინიჭებოდა კარანტინის რეჟიმს. თვითიზოლაცია გამონაკლის შემთხვევებში არის ხოლმე“, – დასძინა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი