ამირან გამყრელიძე - სრული ჩაკეტვა არ განიხილება, საუბარია სერიოზულ შემზღუდველ ღონისძიებებზე
ამირან გამყრელიძე - სრული ჩაკეტვა არ განიხილება, საუბარია სერიოზულ შემზღუდველ ღონისძიებებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება და ამ თემაზე დღეს საღამოს დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

„ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა. დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს, ხვალაც. კიდევ უფრო გამკაცრდება ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები, თუ რა სახის, წინასწარ ვერ გეტყვით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თუმცა, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ სრული ჩაკეტვა არ განიხილება.

„არ განიხილება ისეთი სრული ჩაკეტვა, რაც განახორციელა ჩინეთმა უხანში, სამი თვის განმავლობაში. განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომლის ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება, თუმცა მხოლოდ დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია აღსრულება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მისი აღსრულების კონტროლს“, – განმარტა გამყრელიძემ.