ამირან გამყრელიძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის რეკომენდაციისთვის მხოლოდ ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით ვერ ვიმსჯელებთ
ამირან გამყრელიძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის რეკომენდაციისთვის მხოლოდ ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით ვერ ვიმსჯელებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვერ დაასახელებს კორონავირუსის ახალი შემთხვევების კონკრეტული რიცხვს, რომელიც შესაძლოა გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის რეკომენდაციის საფუძველი.

კითხვაზე – რა ნიშნულზე უნდა შემცირდეს ვირუსის გავრცელების ინდექსი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის რეკომენდაცია გაიცეს, გამყრელიძე ამბობს, რომ ამაზე მხოლოდ ერთი ინდიკატორით არ უნდა იმსჯელონ.

„​მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მობილობის საშუალება.  ეს არის ავტობუსი, ეს გახლავთ მეტრო თბილისში და გადაადგილების ყველა სხვა საშუალება. ამასთან დაკავშირებით რასაც მეკითხებით, შეუძლებელია, რომ მე რაღაც ციფრი დაგისახელოთ. დღეს ახლა კარგი ციფრი გვაქვს, მაგალითად – ორი. გუშინ წინ გვქონდა 10, 12 და ა.შ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ამ ფარგლებში, რომ ყოველდღიურად იყოს ორი, ხუთი, 10, 15 ახალი შემთხვევა, ეს არ არის დიდი პრობლემა. ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა ამის მართვას კარგად და მშვენივრად გაუძღვება. მაგალითად, ახალი ინფორმაცია რაც მაქვს ახლა ჩვენი მეზობელი ქვეყნისგან, რომ დღეს იქ იყო 320 ახალი შემთხვევა, იქ გუშინაც იყო 300-ზე მეტი შემთხვევა. ასეთი რამ არ გვინდა, რომ ჩვენთან იყოს. ამიტომ, რომ გითხრათ ახლა, ვთქვათ ერთზე გავცემთ რეკომენდაციას ან ხუთზე, ეს არის საკოორდინაციო საბჭოში ე.წ. მრავალსექტორული მსჯელობის საგანი. მარტო ერთი ინდიკატორით ვერ იმსჯელებ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.