ამირან გამყრელიძე - საყურადღებოა, რაც ხდება, მაგრამ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა არ არის დრამატული, რომ ქვეყანაში პანიკა შევქმნათ, ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია
ამირან გამყრელიძე - საყურადღებოა, რაც ხდება, მაგრამ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა არ არის დრამატული, რომ ქვეყანაში პანიკა შევქმნათ, ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სკოლებში, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადრებას. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდვითარება სრულად მართვადი და კონტროლირებადია.

ამასთან, გამყრელიძემ ისაუბრა მედიის როლზე, რომ არ შეიქმნას ქვეყანაში პანიკა. გამყრელიძის განმარტებით, შემთხვევების ზრდა ძალიან საყურადღებოა, თუმცა ზრდა არ არის დრამატული, რამაც შეიძლება, პანიკა გამოიწვიოს.

„სწავლა იწყება, სწავლის დაწყება დაკავშირებულია გარკვეულად მობილობის სერიოზულ ზრდასთან. ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტი დაცვა იმ რეკომენდაციებისა, რაზეც ვსაუბრობთ – პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება განსაკუთრებით სკოლებში და პატარა ბავშვებში სანიტარული პირობების უმკაცრესად დაცვა, მაგრამ ყოველდღიური შემთხვევების ზრდა გვექნება. მთავარია, ამ ეტაპზე სისტემა მას მართავს და ეპიდსიტუაცია ქვეყანაში რჩება სრულად მართვადი, კონტროლირებადი. შემთხვევათა რაოდენობა იმერყევებს დაახლოებით 200, 400, 500-ს შორის, მთელ ქვეყანაში და არა ყოველდღიურად. ჯერჯერობით 72 პროცენტი მოდის აჭარაზე, ამიტომ ყურადღება მიქცეულია აჭარაზე. ჩვენი ეპიდემიოლოგების  რამდენიმე ჯგუფი მუშაობს აჭარაში, „პისიარ“ ტექნოლოგიების სპეციალისტების, იქ ორი ლაბორატორია  მაქსიმალურად იმართება, დავასვენეთ ისინი, ვინც უკვე ამდენი შრომით ქანცგაწყვეტილები იყვნენ. ვფიქრობ, ჩვენ დავასტაბილურებთ ამ მდგომარეობას აჭარაში და მთლიანად ქვეყანაში, ამიტომ მედიის მხარდაჭერა აუცილებელია. გუშინ, მედია შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული თქვენზე, იმაზე, რომ პანიკა არ შეიქმნას, რა თქმა უნდა ძალიან საყურადღებოა  რაც ხდება – შემთხვევათა ზრდა, მაგრამ არ არის შემთხვევების დრამატული ზრდა, რომლის გამოც ქვეყანაში პანიკა შევქმნათ, ზრდა კონტროლირებადი და მართვადია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.