ამირან გამყრელიძე - პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს პანდემიის მართვაზე, მათ შორის იმუნიზაციის პროცესზე, სრული ორი წელი ირყევა ქვეყანა ყველანაირად
ამირან გამყრელიძე - პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს პანდემიის მართვაზე, მათ შორის იმუნიზაციის პროცესზე, სრული ორი წელი ირყევა ქვეყანა ყველანაირად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი იქნება აცრილი და ვერ შესრულდება დასახული გეგმა, რომელიც 60 პროცენტს გულისხმობდა.

„მოზრდილ მოსახლეობაში ორჯერადად აცრილების დაახლოებით 40 პროცენტზე გავალთ, 60 პროცენტი გვქონდა დასახული. გიდასტურებთ, რომ წლევანდელ გეგმას ჩვენ ვერ შევასრულებთ. ახლა იწერება გეგმის განახლება, რითაც ახალი სამიზნე იქნება ივლისისთვის 70 პროცენტზე ასვლა. ოღონდ, დაყოფილია, როგორ უნდა ავიდეთ 70 პროცენტზე. ამას შემდეგ გაგაცნობთ. ყველაზე მთავარია, 60 წლის ზემოთ გვქონდეს 90-პროცენტიანი მოცვა, შემდეგ 50-დან 60-მდე 80-პროცენტიანი და შემდგომ უფრო დაბალი“, – განაცხდა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ განმარტა ის ძირითადი მიზეზები, რატომაც, მისი შეფასებით, საქართველოში იმუნიზაციის პროცესი ვერ წარიმართა იმ სისწრაფით, როგორც სურდათ.

„რაც შეეხება რა არის მიზეზი, ერთი მიზეზი არ არის, ბევრია და ეს სამსჯელოა, განსახილველია. პირველი – დავაკელით, და აქ ჩემს თავსაც ვგულისხმობ, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან,  მეორე – ჩვენი საერთო თვითშეგნება და განათლების საშუალო დონის პრობლემები. ვიცი, ამაზე ბევრს მაკრიტიკებენ და გამაკრიტიკებთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მესამე – ის პოლარიზაცია, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, სრული ეს ორი წელი ირყევა ქვეყანა ყველანაირად. პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს სწორედ პანდემიის მართვასთან და მათ შორის იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი