ამირან გამყრელიძე - გამკაცრებული ზომები თუ არ მივიღეთ, აღმასვლა გაგრძელდება, დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ წინ აღვუდგეთ ინფექციას და მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას
ამირან გამყრელიძე - გამკაცრებული ზომები თუ არ მივიღეთ, აღმასვლა გაგრძელდება, დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ წინ აღვუდგეთ ინფექციას და მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი გამოვლენილზე ორჯერ მეტია, თუმცა, საბედნიეროდ ინფიცირებულთა ეს ნაწილი უსიმპტომოა, ან მათთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

გამყრელიძის თქმით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკში შევიდა და სწორედ ახლა მნიშვნელოვანია ზომების უფრო გამკაცრება და შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოება.

გამყრელიძე ვარაუდობს, რომ დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვმერყეობთ 3 000-დან 4 000-მდე. გვქონდა 4 000-ზე ოდნავ მეტიც. დღეს გვაქვს 3 071, გუშინაც 3 000-ზე ცოტა მეტი იყო. თუ სადღესასწაულო დღეებში და შაბათ-კვირას ჩვენ გვივარდება ხოლმე ტესტირების მაჩვენებელი, რადგან ნაკლები ადამიანი მიდის გამოსაკვლევად, გუშინ, 24 საათში ტესტირების ჩვეულებრივი ყოველდღიური მაჩვენებელი გვქონდა – 10 031 „პისიარი“ იყო გაკეთებული და 3 783 ანტიგენ ტესტი ქვეყანაში.

აქედან დაახლოებით 2 232 იყო „პისიარ“ დადებითი და სადღაც 839 ანტიგენ დდებითი. ვმერყეობთ ამ ფარგლებში და ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ გარკვეულად პიკში შევედით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს არის ის, რაც დასტურდება ლაბორატირულად. ადამიანებიდან, ვინც მიდიან გამოსაკვლევად, მათ შორის ყველაზე მეტი არის სიმპტომებიანი, სადღაც 70-75 პროცენტი, შემდეგ კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, საერთო დადებითების 5-6 პროცენტის ფარგლებში. სიეტლში ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებების ინსტიტუტის მონაცემების და პროგნოზირების ციფრების მიხედვით, ჩვენ ამ ეტაპზე ვავლენთ დაახლოებით 40-დან 50 პროცენტამდე ინფიცირებულს.

ანუ, არიან სხვა ადამიანები, ვისაც აქვთ. არა დადასტურებული, არამედ ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი ორჯერ მეტია, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ხალხი არის ძირითადად მსუბუქი სიმპტომების ან საერთოდ უსიმპტომო. ანუ ჩვენ პიკში შევედით და აღმასვლა გაგრძელდება, თუ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები, თუ არ გავაფართოვეთ და უფრო არ გავამკაცრეთ ზომები.

მაგრამ, არა მარტო გამკაცრებული მექანიზმები, ერთი მხრივ უნდა იყოს ღონისძიებების გამკაცრება, მეორე მხირვ ტესტირების მეტი ხელმისავწდომობა, მეტი მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში, ინფიცირებულთა დაახლოებით 85 პროცნეტის მართვა ოჯახის ექიმების მიერ. ანუ, ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები, ვფიქრობ, ხვალ გამოცხადდება. ახლაც სერიოზული განსჯა იყო საკოორდინაციო საბჭოზე, როგორი, რანაირი მიდგომით იყოს ეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკურ სფეროს და ადამიანის შემოსავლებს. ანუ, დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთი მხრივ, წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და უფრო მაღალ მაჩვენებლებზე ასვლას, ასე ვთქვათ, დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება, მეორე მხრივ რაც შეიძლება მინიმალურ ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. ვფიქრობ, ხვალ მოხდება გადაწყვეტილებების დეკლარირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.