ამირან გამყრელიძე - ნებისმიერი დიდი თავშეყრა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის, არის მომატებული რისკი, პოლიტიკურ საკითხს მე არ ვეხები
ამირან გამყრელიძე - ნებისმიერი დიდი თავშეყრა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის, არის მომატებული რისკი, პოლიტიკურ საკითხს მე არ ვეხები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციის მიუხედავად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მართვადია.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა რეკომენდაციები სათანადოდ დაიცვან.

ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დიდ თავყრილობას, შეკრებას თავი აარიდონ, რადგან ეს ინფექციის გავრცლების კუთხით, მომატებული რისკის შემცველია.

„რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია არასახარბიელოა, თუმცა სრულად მართვადია, რადგან ქვეყანას გამოცდილება აქვს საკმაოდ მეტი შემთხვევების მართვის. ზოგადად, ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს თბილისში.

სამწუხაროდ, არა მარტო რეგიონებში, თბილისშიც პირბადის ტარების მაჩვენებელი მაღალი არ არის. გუშინდელი მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 50 პროცენტი, რაც კრიტიკულის ზღვარია. პირბადის ტარებაზე მოწოდება მუდმივად უნდა იყოს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ თბილისში.

ნებისმიერი დიდი თავშეყრა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, არის მომატებული რისკი ეპიდსიტუაციის გაუარესების. დღეს დაახლოებით 16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში, ყველგან ეპიდაფთქება დიდ თავშეყრებს უკავშირდება. ესენი არის ძირითადად საბედნიერო თუ ჭირის სუფრები. ნებისმიერი თავშეყრა, თუ არ არის დაცული რეგულაციები, რა თქმა უნდა, ეპიდვითარების გაუარესების მომატებული რისკია. ყოველთვის ვსაუბრობ ნებისმიერ თავშეყრაზე თავის არიდებაზე, პოლიტიკურ საკითხს მე არ ვეხები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ