ამირან გამყრელიძე - მთავარია პირბადის ტარება, დისტანცია, დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება, თუ ამას არ დავიცავთ, არის რისკი, რომ ეპიდსიტუაცია ისევ გაგვიუარესდეს
ამირან გამყრელიძე - მთავარია პირბადის ტარება, დისტანცია, დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება, თუ ამას არ დავიცავთ, არის რისკი, რომ ეპიდსიტუაცია ისევ გაგვიუარესდეს

ბოლო ერთი კვირაა, ვაკვირდებით, რომ დადებითობის მაჩვენებელი კვლავ მცირედით, მაგრამ იმატებს, პარალელურად პირბადის ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა 43%-ზე, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ შეიძლება კვლავ მოხდეს ეპიდსიტუაციის გაუარესება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტთან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ინსტიტუტი პროგნოზირებაში. მათ ეგზავნებათ ყოველკვირეულად ჩვენი მონაცემები და მათ მიერ დადგენილი ალგორითმის მიხედვით, გარკვეულ პროგნოზირებას აკეთებენ. ასევე სხვადასხვა მეთოდებით და მათ შორის „გუგლის“ პლატფორმის საშუალებით ითვლება, რაზეც ვსაუბრობთ, პირბადის ტარების მაჩვენებელი და კიდევ სხვა გამოკითხვები კეთდება მათ მიერ. ამ ინსტიტუტის მონაცემებით, მაქსიმალურს მივაღწიეთ 72% პირბადის ტარების მაჩვენებლით, რომელიც კარგი იყო, როცა ხალხმა დაიჯერა რომ პირბადეს აქვს ძალიან სერიოზული დამცველობითი ფუნქცია. სასურველი იყო, რა თქმა უნდა, ავსულიყავით 95%-ზე, ამის საფუძველზე უფრო ადვილია შემსუბუქების პროცესის გატარება ან ზოგადად მარეგულირებელი ღონისძიებების დაცვა. მოგეხსენებათ, რომ სტაბილიზაციის ფაზაში ვართ. ეპიდსიტუაცია სტაბილიზებულია ქვეყანაში. მოყოლებული დეკემბრის მეორე ნახევრიდან, თანდათანობით შემცირდა მაჩვენებელი. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ გადაიდგა ნაბიჯები ეკონომიკის მეტი გახსნისკენ და გარკვეული შეზღუდვების მოხსნის. მაგრამ ბოლო ერთი კვირაა, ვაკვირდებით, რომ დადებითობის მაჩვენებელი კვლავ მცირედით, მაგრამ იმატებს. ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ 500-ს ქვემოთ ვიყავით, გვქონდა შემთხვევები 200-ს ქვემოთაც და დღეს ისევ გადავცილდით 500-ს. პარალელურად პირბადის ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა 43%-ზე. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ შეიძლება კვლავ მოხდეს ეპიდსიტუაციის გაუარესება, მით უმეტეს საკმაოდ ინტენსიური გახსნების ფონზე. ამიტომ ჩვენი ყოველდღიური მოწოდება არის რომ ყველამ დავიცვათ არსებული რეკომენდაციები“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მთავარია პირბადის ტარება, დისტანცია და დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება.

„თუ ამას არ დავიცავთ, რა თქმა უნდა, არის რისკი იმისა, რომ ისევ გაგვიუარესდეს ეპიდსიტუაცია და ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა. იმ თვალსაზრისით, რომ დადებითობის მაჩვენებელი ჯერ, ბოლო 14 დღის არ შეცვლილა, მაგრამ დღეს უკვე 2%-ს ასცილდა როცა ქვემოთ ვიყავით. მინდა, ვთხოვო მოსახლეობას, იყვნენ ყურადღებით და გაუფრთხილდნენ იმ მონაპოვარს, რაც ამ ორი თვის განმავლობაში მივიღეთ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის თვალსაზრისით. გავუფრთხილდეთ, რადგან მარტი და აპრილი რესპირაციული ინფექციების თვალსაზრისით კრიტიკული თვეებია. კორონავირუსთან ერთად სხვა ვირუსები ცირკულირებს, მაგრამ წამყვანი არის კორონავირუსი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.