ამირან გამყრელიძე - მოსახლეობის 60 პროცენტი თუ ორჯერადად იქნება აცრილი, გარე სივრცეში უკვე პირბადეს მოვიხსნით
ამირან გამყრელიძე - მოსახლეობის 60 პროცენტი თუ ორჯერადად იქნება აცრილი, გარე სივრცეში უკვე პირბადეს მოვიხსნით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება.

ამირან გამყრელიძემ „სინოფარმით“ ვაქცინაციის შემდეგ მოსახლეობას მოუწოდა, იაქტიურონ და ვაქცინის ჩასატერებლად ამცრელ პუნქტებში მივიდნენ.

„აცრების, იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება. მთავარი გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენს ქცევებზე. პირბადის ტარება აუცილებელია და კიდევ გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება. მაგრამ ორჯერ თუ ავიცრებით მოსახლეობის 60 პროცენტი, გარე სივრცეში ჩვენ უკვე პირბადეს მოვიხსნით, თუ ჩამოგვიყალიბდა საზოგადოებრივი იმუნიტეტი. მოვუწოდებ საზოგადოებას, აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ ვაქცინებზე საუბრისას აღნიშნა, რომ  „სინოფარმის“ ეფექტურობა სხვადასხვა კვლევით 79 -დან 86 პროცენტამდე მერყეობს.

„79 -დან 86 პროცენტამდე მერყეობს „სინოფარმის“ ეფექტურობა სხვადასხვა კვლევით. დაახლოებით ცოტა მეტია, ვიდრე აქვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას გრიპის საწინააღმდეგო დაცვა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

დატოვე კომენტარი