ამირან გამყრელიძე - მარტ-აპრილს დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდვითარებით თუ გავივლით, დიდი ალბათობით, ზაფხულში სიტუაცია აღარ გაუარესდება, ბევრია დამოკიდებული რეკომენდაციების შესრულებაზე
ამირან გამყრელიძე - მარტ-აპრილს დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდვითარებით თუ გავივლით, დიდი ალბათობით, ზაფხულში სიტუაცია აღარ გაუარესდება, ბევრია დამოკიდებული რეკომენდაციების შესრულებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე ორ თვეზე მეტია, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია გრძელდება.

გამყრელიძის თქმით, სწორედ ამის საფუძველზე მიიღეს თებერვალსა და მარტში შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება.

თუმცა, ამირან გამყრელიძე კვლავ ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია წესების დაცვა, რადგან საქართველოში ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მაინც ბევრია და მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ინფექცია ჯერ კიდევ სერიოზულად ცირკულირებს.

„როგორც ხშირად აღვნიშნავთ, ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ. დეკემბრის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ახალი შემთხვევის შემცირების ტენდენციაა, შესაბამისად, ასი ათას მოსახლეზე ინციდენტობის, დადებითობის მაჩვენებლის. უკვე ორ ნახევარი თვეა, სტაბილიზაციის ტენდენცია მყარად გრძელდება. სწორედ ამის საფუძველზე მოხდა შემსუბუქებები, რაც განხორციელდა თებერვალში და მარტში, ხვალიდანაც ემატება გარკვეული კომპონენტები. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს 400-მდე შემთხვევა, რაც არ არის ცოტა, თუმცა ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი 1.56 პროცენტია, ანუ ნოემბერთან მიმართებაში შემცირებულია დაახლოებით 15-20-ჯერ.

14 დღის განმავლობაში ეს მაჩვენებელია 1.55 პროცენტი. მთლიანად თებერვალ მარტის არის 2.3 პროცენტი. ასევე, 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა ათს ჩამოცდა, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან ინფექცია ჯერ კიდევ სერიოზულად ცირკულირებს. აქედან გამომდინარე, შემსუბუქებების ფონზე აუცილებელია იმ რეკომენდაციების კარგად დაცვა, რომელზეც მუდმივად ვსაუბრობთ – პირბადე, დისტანცია, დიდი შეკრებების თავიდან არიდება, ხელების ხშირი დაბანა და ა.შ.

გვაქვს ინფორმაციები ჩვენი რეგიონებიდან და, სამწუხაროდ, რეგიონებში პირბადის ტარების კულტურის დაცვა ქვემოთ მოდის, რაც იმის სიგნალია, რომ შესაძლოა, ეპიდვითარება გაუარესდეს, თუ წესი ჩვენ წესად არ ვაქციეთ ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში და არ დავიცავით. ბოლო დროს, ერთ დონეზეა როგორც დადებითობის, ისე ინციდენტობის მაჩვენებელი, ქვემოთ არ მოდის, ეს სიგნალია, რომ შემსუბუქების ფონზე მოსალოდნელია, რისკია, რომ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატოს.

ამიტომ გთხოვთ ყველა ტელეარხს, მასმედიის საშუალებას, ბევრი ვისაუბროთ ამ საკითხზე, რადგან ჩვენ თუ ისევ ისე გავთამამდით, როგორც შარშან ზაფხულში და მივიღეთ სერიოზული აფეთქება, ახლაც შესაძლებელია, მსგავსი სიტუაცია დადგეს. თუ ჩვენ მარტსა და აპრილს გავივლით დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდვითარებით, რომელიც დღეს გვაქვს, მაშინ ცხელ პერიოდში შევალთ კარგი მაჩვენებლით და, დიდი ალბათობით, უკვე ზაფხულში ეპიდსიტუაცია აღარ გაუარესდება. ძალიან ბევრია დამოკიდებული, ჩვენ როგორ შევასრულებთ რეკომენდაციებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი