ამირან გამყრელიძე - კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ ირგვლივ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, უნდა ვიყოთ მეტი სიფრთხილით
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ ირგვლივ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, უნდა ვიყოთ მეტი სიფრთხილით

ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით გლობალური სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება, 6 მილიონს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ და დაახლოებით 6,1 პროცენტია სიკვდილიანობა, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება.

„რაც შეეხება რეგიონს, ჩვენს ირგვლივ მყოფ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ პირდაპირი საზღვარი გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ რუსეთი უკვე მესამე ადგილზეა გავრცელებით, ასევე მზარდია მაჩვენებელი სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, თუმცა თურქეთში უკვე შეინიშნება ზრდის ტემპის შენელება და შეიძლება, ვთქვათ უკუსვლა ინფექციის. თუმცა აბსოლუტურ რაოდენობაში მატება არის, მაგრამ ნაკლები, ვიდრე იყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ზრდა არის უკრაინაშიც, ბელორუსში და მთელ რიგ ქვეყნებში, ვისთანაც საქართველოს ტრადიციული კავშირები აქვს.

„ამიტომ უნდა ვიყოთ მეტი სიფრთხილით. ის, რომ მეზობლებთან მიმართებაში და საზღვარი კარგად არის დაცული საქართველოში, ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომ ბოლო დღეებში, გუშინ და გუშინწინ ახალ შემთხვევათა დიდი ნაწილი გამოვლინდა საკარანტინო სივრცეებიდან და უმრავლესობა ეს ადამიანები იყვნენ შემოსული მეზობელი ქვეყნებიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოში 30 იანვრიდან მოყოლებული დღევანდელი დილისთვის არის 55 656 შესაძლო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარებოდა ღრმა კვლევებს.

„ლაბორატორიულად დადასტურებული დღეს დილისთვის გვაქვს 757 შემთხვევა. 24 საათის განმავლობაში, დილის 9 საათისთვის დაემატა 11 ახალი შემთხვევა, აქედან ორი არის ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ერთ-ერთი ცხელი წერტილია და ცხრა გახლავთ გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს. უკვე გამოკვლეულია დაახლოებით 50-მდე კონტაქტი.

„ამ კონტაქტებიდან, გარდა გუშინწინ დადგენილი ორისა, ანუ პირველწყაროსა, მათ ცხრა კონტაქტს დაუდგინა კოვიდინფექცია და კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება. კოვიდინფიცირებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში და კონტაქტების გადაყვანა ხდება საკარანტინო სივრცეებში თბილისში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი, სიკვიდილიანობის მაჩვენებელი – 1.59 პროცენტი. ასევე გამოჯანმრთელდა 600 ადამიანი.

„ეს ძალიან კარგია, რადგან თითქმის 80 პროცენტი, 79 პროცენტი გვაქვს გამოჯანმრთელების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.