ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვები გვყავს, მაგრამ ყველა შემთხვევა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვები გვყავს, მაგრამ ყველა შემთხვევა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზოგადად, ბავშვებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნაკლებია კორონავირუსით ინფიცირება და განსაკუთრებით, სიკვდილიანობა.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა მათთან დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძემ ამ კომენტარით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, „წინა კვირას გაკეთდა განცხადება, რომ ბოლო 10 დღის განავლობაში „კოვიდ19“-ით ხანდაზმული ადამიანები ინფიცირდებოდნენ. ჩვენს რეალობაში ბავშვების შემთხვევებიც იზრდება, როგორი არის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოში ინფიცირების ტენდენცია“.

„რასაც მეკითხებით, ერთ რამეში არის გაურკვევლობა. ზოგადად, ბავშვებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავადობაც ნაკლებია და განსაკუთრებით სიკვდილიანობა. თითქმის მილიონი შემთხვევიდან, არ მინდა, შემეშალოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, 10 დღის წინ ბავშვებში სიკვდილი დაფიქსირებული არ ყოფილა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პირველი 100 შემთხვევის ანალიზი, სადაც მოცემულია, თუ რამდენი შემთხვევა გვაქვს ბავშვთა ასაკში, რამდენი შემდეგ – 30-40 წლამდე, 50 წლამდე და ა.შ. უკაცრავად და, თქვენ ამ შემთხვევაში ცოტა გერევათ – სიკვდილიანობა არის ძირითადად უფრო ხანდაზმულ ასაკში. კი, გვყავს ბავშვები, მაგრამ ყველა შემთხვევა ბავშვებში მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.