ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ვაქცინა დღეს იქცა ძლიერ იარაღად სხვადასხვა ქვეყნის ხელში, რაც დიდი უსამართლობაა
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ვაქცინა დღეს იქცა ძლიერ იარაღად სხვადასხვა ქვეყნის ხელში, რაც დიდი უსამართლობაა

ვაქცინა დღეს იქცა ძალიან ძლიერ იარაღად სხვადასხვა ქვეყნის ხელში, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, არ ხდება კორონავირუსის ვაქცინის განაწილება საერთაშორისო მექანიზმების შესაბამისად.

„თუ ადევნებდით თვალს ბოლო ორი, სამი კვირის განმავლობაში ყველაზე დიდ თავყრილობებს, როგორიც იყო დიდი შვიდიანის შეხვედრა, მიუნხენის უსაფრთოების კონფერენცია, იანვარში დავოსის ეკონომიკური ფორუმი, ყველგან ნომერ პირველ საკითხად იდგა ვაქცინა და, რაც მთავარია, საკითხი უსამართლობისა მისი განაწილების შესახებ. ანუ, დღეს ვაქცინებით ძირითადად იცრებიან და დიდი მოცვა აქვთ მდიდარ ქვეყნებს, როცა საშუალო და დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის, სამწუხაროდ, ამ საერთაშორისო მექანიზმებით არ ხდება. ამიტომაც იყო მოწოდება დიდი შვიდიანის პირველი პირების, რომ გადანაწილების მექანიზმი ამუშავდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციით მიმართეს.

„დღეს ჩვენ წარვდექით რამდენიმე რეკომენდაციით ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით, დამატებით სხვადასხვა არხით ვაქცინების შემოტანის შესახებ, რომელზეც უნდა იმუშაოს ქვეყანამ, მთავრობამ, სხვადასხვა სამინისტრომ, შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, რომ შევასრულოთ წელს ჩვენი სამიზნე – მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტიანი მოცვა“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.