ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის მეორე ტალღას უკეთესად მომზადებული უნდა შევხვდეთ, თუმცა მეორე ტალღა შეიძლება, არ იყოს
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის მეორე ტალღას უკეთესად მომზადებული უნდა შევხვდეთ, თუმცა მეორე ტალღა შეიძლება, არ იყოს

​კორონავირუსთან ბრძოლაში ძალიან დიდია თქვენი, მედიის წვლილი, გადაცემების სწორად წაყვანის და ინფორმაციის სწორად მიწოდების, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა მოსახლეობას იმ დამყოლობისთვის, რომელიც იყო იმ უჩვეულო რეკომენდაციების მიმართ, რაც ამ ხუთი თვის განმავლობაში ხდებოდა.

„ჩვენ თუ გვეგონა, რომ ქართველები არ ვართ კანონმორჩილი, თურმე ვყოფილვართ კანონმორჩილი. დღეს საქართველო ოაზისად გამოიყურება რეგიონში თუ მსოფლიო მასშტაბით, რაც თავის დროზე დროული გადაწყვეტილებების შედეგია. სწორად მოხდა ჩაკეტვა ჩინეთთან, სწორ დროს მოხდა ჩაკეტვა ირანთან, სწორ დროს მოხდა ფრენების ჩაკეტვა იტალიასთან, შემზღუდავი ღონისძიებები დაწესდა, საგანგებო მდგომარეობა სწორად გამოცხადდა და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაში დამყოლობა იყო საზოგადოების. კოორდინირებულმა მუშაობამ საზოგადოების, მთავრობის, პროფესიონალების, ექიმების მიგვიყვანა იქამდე, რომ ასეთია ეპიდსიტუაცია დღეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს სამყარო, მსოფლიო გაცილებით ძლიერია ყოველმხრივ – ეკონომიკურად, ტექნიკურად, მეცნიერულად, მაგრამ პატარა არსებამ, კორონავირუსულმა ინფექციამ საკმაოდ შეაზანზარა სამყარო.

„ჯერ კიდევ არ ვიცით პოსტკორონა სამყარო როგორი იქნება, რა ურთიერთობები ჩამოყალიბდება საზოგადოებაში, ეს პროცესები რა შედეგებს გამოიღებს მომავალში. ამ ვირუსის ისტორია ჯერ ექვსი თვეა. მისი ქცევის თავისებურებები ჯერ უცნობია მეცნიერებისთვის. მან ერთი ჭკუა ასწავლა სამყაროს, ბრჭყალებში ჩავსვამ, – მზადყოფნის რეჟიმი ყველას და ყოველთვის უნდა გვქონდეს.

ალბათ არც ერთმა არ იცით თქვენ, რომ სხვა კორონავირუსი ტრიალებს ბუნებაში, რომელიც თითოეულ გადაგვიტანია ხოლმე შემოდგომაზე და ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ დიაგნოზს ვსვამდით. ის მსუბუქი სურდოს სახითაა. ჩვენ გვეგონა, რომ ისევე, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსები, ზაფხულში შესამჩნევად დასუსტდებოდა და შემცირდებოდა. ასე არ აღმოჩნდა და პირიქით, ხედავთ, რომ გლობალურ ციფრებს თუ შეხედავთ, ყოველდღიურად, გლობალურად, ახალი შემთხვევების რიცხვი იმატებს 110-დან 130 ათასის ფარგლებში. არ ეტყობა გლობალურად, რომ დინამიკა შემცირებისკენ წავიდა. თუმცა, როცა მე ყოველდღიურ ანგარიშს ვამზადებ, იქ ერთი ასეთი პოზიტიური დინამიკა ჩანს, რომ გლობალურად მცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ასევე, იზრდება გამოჯანმრთელებულთა როდენობა უფრო მეტად. ანუ, რაღაც ტენდენცია ჩანს, მაგრამ არა ის, რასაც ველოდით, რომ ზაფხულში რადიკალურად მკვეთრი ცვლილება არ იყო. შემოდგომაზე, ალბათ მაინც ჩვენ სერიოზული მზადყოფნა მოგვიწევს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე განცხადებით, სამყაროს ჯერ ომი კორონავირუსის წინააღმდეგ არ მოუგია და საქართველო მარტო ამ ომს ვერ მოიგებს.

„ეს ომი უნდა მოიგოს მთლიანად კაცობრიობამ. ამიტომ, პირველი და მთავარი ეს არის, თვით დამშვიდებას არ მივეცეთ და ვიყოთ მზადყოფნის რეჟიმში და ეს ოთხი თვე ჩვენ ვწერთ თანდათან გეგმას, კიდევ რა უნდა გაძლიერდეს, რომ უკეთესად მომზადებული შევხვდეთ ვიდრე სექტემბერში. თუ იქნება ეს მეორე ტალღა, შეიძლება არ იყოს. მაგრამ მზადყოფნა აუცილებლად უნდა გვქონდეს. ის ელემენტარული, რასაც ყოველდღიურად, ხანდახან უკვე დაგვცინიან, რომ ვუმეორებთ ხალხს, რომ დიახ, უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.