ამირან გამყრელიძე - კორონავირუსმა დედამიწა შეაზანზარა, ჩვენ დაგვჭირდება ძალიან ბევრი პრევენციული ღონისძიება იგივე მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისით
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსმა დედამიწა შეაზანზარა, ჩვენ დაგვჭირდება ძალიან ბევრი პრევენციული ღონისძიება იგივე მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისით

ასეთი დიდი პანდემიები ყოველწლიურად არ იქნება, ბუნება ასეა მოწყობილი, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.

„ასეთი დიდი პანდემია, რომელიც მსოფლიოს დიდი გამოცდის წინაშე აყენებს, საუკუნეში ორ-სამჯერ ხდება. შეიძლება, ოთხჯერ მოხდეს. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ ამ პანდემიის დროს ჯერჯერობით, სადღაც 400 000-მდე ადამიანია დაღუპული. თუ შევადარებთ, მსოფლიოში წელიწადში 58 მილიონი ადამიანი კვდება. აქედან, ყველაზე მეტი გულსისხლძარღვთა დაავადებებით იღუპება და ონკოლოგიური დაავადებებით 8-9 მილიონი ადამიანი კვდება. თუ მარტო ციფრებს ავიღებთ, ამასთან შედარებით არაფერი არ არის, მაგრამ კორონამ დედამიწა შეაზანზარა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ პოსტკორონა ეპოქაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად შეიძლება, დადგეს სოციალური და ქცევითი ურთიერთობები.

„ამას სერიოზული ანალიტიკური მუშაობა სჭირდება და ჩვენ დაგვჭირდება ძალიან ბევრი პრევენციული ღონისძიება იგივე მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მარტო ჩვენ კი არა, იქ, სადაც ძალიან ბევრი შემთხვევები ჰქონდათ, ადგილი ჰქონდა სუიციდის მატებას. განსაკუთრებით, საკარანტინო სივრცეებში. ადგილი ჰქონდა მთელ რიგ ფსიქოლოგიურ, ნევროლოგიურ და მენტალურ დარღვევებს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პოსტკორონა ეპოქაში ძალიან ბევრი ასპექტი საჭიროებს სერიოზულ ანალიზს.

„სამყარო ეკონომიკურ დეპრესიაში შედის. ამას ადარებენ ოციანი და ოცდაათიანი წლების დასაწყისის ეკონომიკურ დეპრესიას, რომელიც შემდგომი პერიოდი იყო ყველაზე დიდი პანდემიის, რასაც „ისპანკას“ ეძახიან. შემდგომში, ამან გარკვეული როლი ითამაშა ამ დიდ დეპრესიაში. შეგვიძლია, გავიხსენოთ იგივე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეკონომიკური დეპრესია და ბევრი სხვა რამ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.