ამირან გამყრელიძე - ჯანდაცვის სისტემის შეფასებისას, ერთი ინდიკატორი არასდროს გამოიყენება, ეს არის მრავალინდიკატორული შეფასება, რომლის საშუალებითაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება
ამირან გამყრელიძე - ჯანდაცვის სისტემის შეფასებისას, ერთი ინდიკატორი არასდროს გამოიყენება, ეს არის მრავალინდიკატორული შეფასება, რომლის საშუალებითაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება

ჯანდაცვის სისტემის შეფასებისას, ერთი ინდიკატორი არასდროს გამოიყენება, ეს არის მრავლობითი ინდიკატორული შეფასება, რომლის საშუალებითაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეპიდვითარების და საერთოდ, ჯანდაცვის სისტემის შეფასებისას, ერთი ინდიკატორი არასდროს გამოიყენება. არის ე.წ. მრავალინდიკატორული შეფასება, რომელსაც ვეყრდნობით. მე გეუბნებით ვთქვათ 4 პროცენტს, ეს მხოლოდ ერთი ინდიკატორია, მეორეა ინციდენტობა, ანუ 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევები, შემდეგ არის, თუ როგორ გვაქვს ჰოსპიტალური დატვირთვა, როგორია ინტენსიურსა და რეანიმაციაში ადამიანთა რაოდენობა და დინამიკა, რამდენი თავისუფალი საწოლია, ყველაფერი ეს და მრავალი ერთად ფასდება, რომლის საშუალებითაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. ეს არ არის მხოლოდ ეპიდსიტუაცია, ეს არის მრავლობითი ინდიკატორული შეფასება.

შევდივარ ყველას მდგომარეობაში, მესმის ძალიან კარგად, იცით, რომ ყველასთვის ამოსავალი წერტილი არის უფლებათა შორის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. პირველ რიგში, ვზრუნავთ ადამიანების ჯანმრთელობაზე. აქედან გამომდინარე, ისეთი რამ არ უნდა გავაკეთოთ, რომ უცბად შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს და ისევ ხელმეორედ იყოს შეზღუდვები საჭირო“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, ნოემბერში შეზღუდვების დაწესება აუცილებელი იყო, რადგან დღეში კორონავირუსის 5 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა და გაიზარდა სიკვდილიანობა.

„ნოემბრის ბოლოს ის შეზღუდვები რომ არ დაწესებულიყო, რაც დაწესდა, წარმოიდგინეთ, ჩვენ გვქონდა 2-3 კვირის განმავლობაში დღეში 5 ათასზე მეტი შემთხვევა, რომელიც იყო უზარმაზარი ზეწოლა, გაიზარდა სიკვდილიანობა. ამიტომ ეს აუცილებელი იყო. პანდემიების დროს მთავარი ღონისძიება გახლავთ შეზღუდვების დაწესება. ანუ იზოლირება ინფიცირებული ადამიანების, რათა არ გაავრცელოს ინფექცია. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რომელსაც ადამისა და ევას დროიდან ხმარობდა საზოგადოება. იყო შავი ჭირი, იყო ყვავილი, გრიპი, დიფტერია თუ სხვა გადამდები დაავადებები. განსაკუთრებით რესპირაციული ინფექციები, რომლებიც შედარებით ადვილად ვრცელდებიან. ჩვენ დავდივართ დანის პირზე და ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს. ერთი მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, ნაკლები წნეხი ბიზნესზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი