ამირან გამყრელიძე - გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რადიკალური ზომები თუ არ იქნება მიღებული, შესაძლოა, ვირუსის საყოველთაო გავრცელება დაიწყოს
ამირან გამყრელიძე - გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რადიკალური ზომები თუ არ იქნება მიღებული, შესაძლოა, ვირუსის საყოველთაო გავრცელება დაიწყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ის ინდიკატორი, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განსაზღვრავს, გაუარესებულია.

„ბოლო კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, გვაქვს უფრო მეტი დადებითი შემთხვევა. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ეპიდსიტუაცია რთულდება. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც, პირდაპირ გეტყვით, მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები და არ მივყევით რეკომენდაციებს, შეიძლება, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, 17-ვე კლასტერი, რომელიც დღეს ქვეყანაშია, წვეულებებიდან და სუფრებიდან გაჩნდა.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა უკვე დაიწყო.

ეპიდსიტუაცია მსოფლიოში, ევროპაში, ჩვენთან, თანდათან რთულდება. მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაწყებულია. რეალურად, ჩვენთანაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.