ამირან გამყრელიძე - გრიპის აცრა არ შედის სავალდებულო აცრათა ჩამონათვალში, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში, მას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი
ამირან გამყრელიძე - გრიპის აცრა არ შედის სავალდებულო აცრათა ჩამონათვალში, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში, მას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი

გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ გახლავთ სავალდებულო, ის არ შედის სავალდებულო აცრათა ჩამონათვალში, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გრიპის აცრა არის მხოლოდ სარეკომენდაციო და სწორედ ამას გულისხმობდა ჯანდაცვის მინისტრის გუშინდელი განცხადება.

„ქალბატონი მინისტრის ამ განცხადების კონტექსტი გახლდათ ის, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ შედის არც ერთი ქვეყნის აუცილებელ აცრათა კალენდრებში, მათ შორის საქართველოშიც. მაგალითად, ჩვენ გვაქვს დამტკიცებული ეროვნული კალენდარი, რომ ყველა ბავშვი უნდა აიცრას ტუბერკულოზზე, პოლიომიელიტზე, „ბე“ ჰეპატიტზე, ტეტანუსზე, დიფტერიაზე და ა.შ. ამ ჩამონათვალში გრიპის ვაქცინაცია არ შედის“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, თუმცა განმარტა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო რეკომენდაციის მიერ გრიპის აცრა, ისევე როგორც სხვა რეკომენდაციები ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციული საშუალებად არის დასახელებული.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რეკომენდებულია უპირველეს ყოვლისა მაღალი რისკჯგუფებისთვის.

„ვაქცინაცია გრიპის საწინააღმდეგოდ გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრევენციული საშუალება, მაგრამ ამავე დროს მეორე კონტენტი ქალბატონი მინისტრის განცხადებისა გახლდათ ის, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ გახლავთ ისეთი დამცველობითი უნარის, როგორც, ვთქვათ, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. თუ წითელაზე თქვენ ორჯერ აიცრებით, 95-98 პროცენტში გარანტირებულია, რომ მას წითელა არ დაემართება თავისი სიცოცხლის განმავლობაში. გრიპთან დაკავშირებით ეს დამცველობითი უნარი მერყეობს 70-80 პროცენტს შორის ანუ გრიპზე შეიძლება, აიცრათ და გრიპი მაინც დაემართოს ადამიანს, მაგრამ ის დაემართება უფრო მსუბუქ ფორმაში. რაც შეეხება მეორე ნაწილს თქვენი კითხვისა, ანტივაქცინური მოძრაობა არის საკმაოდ ძლიერი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ ძალიან დიდ კამპანიას ვაწარმოებთ, რამეთუ იმუნიზაცია ისტორიულად გახლავთ ყველაზე დიდი მონაპოვარი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ გრიპის პრევენციისთვის მოსახლეობას ხუთი რეკომენდაცია მისცა: ჩაიტარონ აცრა, რეგულარულად დაიბანონ ხელები, არ შეეხონ ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს.