ამირან გამყრელიძე - გრიპი სერიოზული ვირუსია, ამიტომ წელს უფრო მეტი უნდა აიცრას
ამირან გამყრელიძე - გრიპი სერიოზული ვირუსია, ამიტომ წელს უფრო მეტი უნდა აიცრას

წელს არის ერთ-ერთი პროგნოზი, რომ შესაძლებელია, იყოს ზედდება გრიპის ინფექციისა და კორონავირუსის ინფექციის, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გრიპი სერიოზული ვირუსია, ამიტომ წელს უფრო მეტი უნდა აიცრას, რათა არ მოხდეს კორონავირუსთან გრიპის ვირუსის ზედდება.

„გრიპი, სამწუხაროდ, ყველას სურდო ჰგონია, მაგრამ ასე არ არის. გრიპის ვირუსი სერიოზული ვირუსია, ამიტომ წელს უფრო მეტი უნდა აიცრას გრიპის საწინააღმდეგოდ. წელს სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ ვაქცინას, დაახლოებით 135 000 დოზას შემოგთავაზებთ, რომელიც იქნება რისკჯგუფებისთვის, ამას ემატება კერძო სექტორი. წელს არის ერთ-ერთი პროგნოზი, რომ შესაძლებელია, იყოს ზედდება გრიპისა და კორონავირუსის ინფექციებს. იმის გამო, რომ არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, უნდა ავიცრათ ისინი, ვისაც განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ გრიპის საწინააღმდეგოდ, რადგან შედარებით მარტივად გადავიტანოთ გრიპი და არ იყოს ზედდება ორი ინფექციის. ვაქცინა არის ოთხკომპონენტიანი და არის ფრანგული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ახლად წარმოშობილი დაავადებები და ინფექციები 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა, თუმცა მათი ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანისთვის გადამდები.

„ე.წ. ახლად წარმოშობილი დაავადებები და ინფექციები გახლავთ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა 21-ე საუკუნის, რომელიც მოჰყვება იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ეკოლოგიაში, გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და აშ. ამ ტიპის ვირუსები ჩნდება პერიოდულად, მაგრამ მათი ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანისთვის გადამდები და შემდგომ ეპიდემიის ან პანდემიის წყარო. ამიტომ ნუ შეშინდებით, მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება. როდესაც კორონავირუსულ პანდემიას მოვილევთ, დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.

დატოვე კომენტარი