ამირან გამყრელიძე - ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა
ამირან გამყრელიძე - ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა

მივმართავ აბიტურიენტებს, რომ იყვნენ მშვიდად, მშობლებს და გულშემატკივრებს კი, რეკომენდაციით მივმართავ, გამოცდის გარე პერიმეტრზე ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა გამოცდები მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ. რაც შეეხება მშობლებს და გულშემატკივრებს, მათ რეკომენდაციით მივმართავ. ჩვენთან, საქართველოში მიღებულია, რომ აბიტურიენტებს ვგულშემატკივრობთ ხოლმე; მიდის მთელი ოჯახი, ნათესავები არიან თავშეყრილი და ელოდებიან. ეს არ არის აუცილებელი. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება. ამიტომ, გამოცდის გარე პერიმეტრზე ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი.

„ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, დავუშვათ, აბიტურიენტს პირველ და მეორე გამოცდაზე სიცხე ან სხვა რომელიმე სიმპტომი არ აქვს, მაგრამ მესამე გამოცდაზე „კოვიდ“ ინფექცია გამოუვლინდა, რა ბედი ელის მას და გამომცდელებს, რომლებიც მის საკონტაქტო წრეს წარმოადგენენ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ „კოვიდ“ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი და მკურნალობა დაეწყება, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტი და ზედამხედველი კარანტინში იქნება გადაყვანილი და ლაბორატორიულად გამოკვლეული.