ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა მაინც სერიოზული რჩება, შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება ღრმა ანალიზს მოითხოვს, ნუ ავჩქარდებით
ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა მაინც სერიოზული რჩება, შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება ღრმა ანალიზს მოითხოვს, ნუ ავჩქარდებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე გაანალიზდება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ასევე ის პროგრესი, რაც შემზღუდველი ღონისძიებების შედეგია და შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე ამის საფუძველზე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.

გამყრელიძემ აღნიშნული კომენტარით უპასუხა კითხვას, რომელიც 16 იანვრის შემდეგ გეგმის მიხედვით მოლების გახსნასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას შეეხებოდა.

„ჯერ ნუ ვიჩქარებთ, ამ კვირაში იქნება საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე სხდომა, სადაც ყველა ეს საკითხი დეტალურად განიხილება, გაანალიზდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ასევე ის პროგრესი, რასაც მივაღწიეთ შემზღუდველი ღონისძიებებით ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული დეკემბრის 24-მდე. შემდეგ გავაანალიზებთ, რა შედეგები მოგვცა 24-ის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკამ და ამის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

გამყრელიძის თქმით, ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„წინასწარ ვერაფერს გეტყვით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. 1 143 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, გუშინ გვქონდა ორიათასი, შემთხვევების ეს რაოდენობა ჩვენი ქვეყნისთვის არ გახლავთ ცოტა, ეს სერიოზული ციფრია, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეცემით თვითდამშვიდებას, თითქოს ქვეყანაში ვითარება კარგია და შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. არა – ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სერიოზული რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ ავჩქარდებით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი