ამირან გამყრელიძე - ეპიდემიასთან ბრძოლას მხოლოდ სამედიცინო უწყებები ვერ გაუმკლავდებიან, თუ არ იქნება ადგილობრივი ხელისუფლების სერიოზული მხარდაჭერა, რაც ნამდვილად იგრძნობა
ამირან გამყრელიძე - ეპიდემიასთან ბრძოლას მხოლოდ სამედიცინო უწყებები ვერ გაუმკლავდებიან, თუ არ იქნება ადგილობრივი ხელისუფლების სერიოზული მხარდაჭერა, რაც ნამდვილად იგრძნობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლში ჩავიდა.

მან „გორის სამხედრო ჰოსპიტალი“ და „გორმედის“ კლინიკა მოინახულა, ასევე შეხვდა ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების წარმომადგენლებს.

მოგვიანებით, გამყრელიძემ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც რეგიონებში ჩასვლა გადაწყვიტეს.

ამირან გამყრელიძის თქმით, მთლიანად ქვეყანაში უარესდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და საჭიროა რეგულაციებისა და არსებული რეკომენდაციების მეტად დაცვა, მეტი მობილიზება. ამირან გამყრელიძის განმარტებით, დაათვალიერეს „გორის სამხედრო ჰოსპიტალი“ და „გორმედი“, გაეცნენ მათ შესაძლებლობებს, თუ რამდენად არიან მზად, პაციენტთა გაზრდილ რაოდენობას გაუმკლავდნენ.

„გარკვეულად უარესდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ბოლო სამი დღეა, ავცდით 1 000-ს ყოველდღიური შემთხვევების მიხედვით, ეს იანვრის შემდეგ არ ყოფილა ქვეყანაში, რაც ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, უფრო და უფრო იკრებს ძალას კორონავირუსული ინფექცია და საჭიროა მეტი მობილიზება, მეტად დაცვა რეგულაციების და რეკომენდაციების, რა თქმა უნდა, მეტი ინტენსიფიკაცია ვაქცინაციის პროცესის. სწორედ ეს ორი მთავარი მიზეზია, რის გამოც ვსტუმრობთ რეგიონებს. სტუმრობა დავიწყეთ გორით, შიდა ქართლით. გვქონდა შეხვედრები „გორის სამხედრო ჰოსპიტალში“, სამედიცინო პერსონალთან, დავათვალიერეთ მათი შესაძლებლობები, თუ როგორია მზადყოფნა ავადმყოფთა ნაკადის მომატების შემთხვევაში მათი მართვის, ასევე ვაქცინაციის პროცესის, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. აგრეთვე ვიყავით „გორმედში“, შევხვდით ჩვენს კოლეგებს, „გორმედი“ სამედიცინო დაწესებულებების ყველაზე დიდი ქსელია შიდა ქართლში. იქაც გავეცანით, თუ როგორია მზადყოფნა კოვიდპანდემიასთან მიმართებაში, გვქონდა შეხვედრები ჩვენი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან და იყო ინტენსიური მსჯელობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ეპიდემიასთან ბრძოლას მხოლოდ სამედიცინო უწყებები ვერ გაუმკლავდებიან, თუ არ იქნება ადგილობრივი ხელისუფლების სერიოზული მხარდაჭერა. გამყრელიძე ამბობს, რომ ეს მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობა.

„ზოგადად, მესამე ტალღა მთელ მსოფლიოში ძალებს იკრებს, ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში გვაქვს ყოველდღიური შემთხვევების სერიოზული მატება. საქართველოშიც იმატებს აქტიური შემთხვევების რაოდენობა. ანუ, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა იზრდება. მეტი მობილიზება ხდება მთლიანად ჯანდაცვის სექტორის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ დღეის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 825 მილიონი ადამიანი.