ამირან გამყრელიძე - ეკონომიკა სრულად არ უნდა დავკეტოთ, მდიდარი ქვეყნები უძლებენ, ჩვენთან რთულია, ამიტომ, ამ ეტაპზე, დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის
ამირან გამყრელიძე - ეკონომიკა სრულად არ უნდა დავკეტოთ, მდიდარი ქვეყნები უძლებენ, ჩვენთან რთულია, ამიტომ, ამ ეტაპზე, დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ჯანდაცვის სექტორი ვითარებას მართავს.

მისივე თქმით, სწორედ მიტომ, ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრება არ განიხილება, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდეს.

„პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. გასაგებია, რომ მდიდარი ქვეყნები უძლებენ, ჩვენთან რთულია. ამიტომ ახლა ჩვენ დანის პირზე მივდივართ. არც ეკონომიკა უნდა დავკეტოთ სრულად, როგორც შარშან და ამით გაზაფხულზე კარგად ვმართეთ ყველაფერი, მეორე მხრივ, ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ. ამიტომ ამ ეტაპზე, დამატებით შეზღუდვებზე აღარ არის საუბარი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან აუცილებელი რეკომენდაციები და დიდ თავყრილობას მოერიდონ.

„მთავარია, რომ რაც არის დაწესებული, იმის მიმართ იყოს მაქსიმალური დაცვა და ჩვენი თვითშეგნება. არ გვინდა რა, 200-კაციანი სუფრა. იქიდან იწყება ძალიან ბევრი რამ. თავი შევიკავოთ ასეთი თავშეყრისგან, ეს არის დიდი თხოვნა. დღეს ვირუსის ახალ შემთხვევებს მართავს ჯანდაცვის სექტორი. არ გვინდა, რომ ავიდეთ, ორ-სამ და ოთხი ათას შემთხვევაზე. ამიტომ, ყველას გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.