ამირან გამყრელიძე - ძალიან კარგია, რასაც ახლა ვუყურებ, ადამიანები ქუჩაშიც ატარებენ პირბადეს, ნახავთ, რომ ეს შედეგს მოგვცემს
ამირან გამყრელიძე - ძალიან კარგია, რასაც ახლა ვუყურებ, ადამიანები ქუჩაშიც ატარებენ პირბადეს, ნახავთ, რომ ეს შედეგს მოგვცემს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა თანდათანობით მიმართავს გამკაცრებულ ღონისძიებებს. მისივე თქმით, ძირითადი პოლიტიკა არის ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები.

გამყრელიძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა ეტაპობრივად სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებაზე.

„ამ საკითხებზე მსჯელობს საბჭო, რადგან პანდემიის პირობებში ყველა ქვეყანაში არის თითქმის ერთნაირი მიდგომა, ანუ ბალანსი ერთი მხრივ შემზღუდველ ღონისძიებებს, მაგრამ არა ტოტალურ ლოკდაუნს, მეორე მხრივ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას შორის, რომ პაციენტები დროულად იყვნენ მოვლილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფიცირების დადგენის შემდეგ დაუყოვნებლივ გადასვლას თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე როგორიცაა, დისტანცია, დისტანციური სწავლება, ხელების ხშირი დაბანა, პირბადე და ა.შ.

„ძალიან კარგია, რასაც ახლა ვუყურებ, უკვე გავითავისეთ და გარეთაც, ქუჩაში ადამიანები ატარებენ პირბადეს, ნახავთ თქვენ, ეს მოგვცემს ეფექტს ინფექციის შემცირებასთან მიმართებაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ფართოვდება ანტიგენეზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი. მისი ინფორმაციით, ანტიგენის სწრაფი ტესტები დარიგდა მოშორებულ რეგიონებში, როგორიცაა სამცხე ჯავახეთის, სვანეთის, რაჭა ლეჩხუმის რეგიონები და ა.შ. ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, სწრაფი სადიაგნოსტიკო საშუალებები ექნებაყველა დიდ საავადმყოფოს.