ამირან გამყრელიძე - დღევანდელი რიცხვით, საბურთალოს კლასტერში 23 ადამიანია ინფიცირებული, გამოვიკვლიეთ 103 კონტაქტი
ამირან გამყრელიძე - დღევანდელი რიცხვით, საბურთალოს კლასტერში 23 ადამიანია ინფიცირებული, გამოვიკვლიეთ 103 კონტაქტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დილის მონაცემებით, კორონავირუსის 57 768 შესაძლო შემთხვევიდან 794 ფაქტია დადასტურებული.

„57 768 შესაძლო შემთხვევიდან, რომლებიც ექვემდებარეობდა გამოკვლევას, ყველა ტესტირებულია და 794 გახლავთ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. აქედან, დღევანდელი დილის 9 საათის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში 11 ახალი შემთხვევა იყო. რვა უკავშირდებოდა კვირის ბოლოს ჩამოყალიბებულ ახალ კლასტერს, ეს არის საბურთალოზე არსებული კლასტერი, სადაც ძირითადად დევნილთა ჩასახლებაა, სამი შემთხვევა გვაქვს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან, ესეც ერთი ოჯახური კლასტერია. გამოჯანმრთელებული გვყავს 78 პროცენტი, რაც კარგია და ბევრად უკეთესი, ვიდრე გლობალური. სულ გამოჯანმრთელდა 624 და სიკვდილიანობა გვაქვს 1,5, ანუ აბსოლუტურ რიცხვში 12“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომელმაც ბავშვთა ცალკე სტატისტიკაზეც ისაუბრა.

„რადგან დღეს ბავშვთა დღეა, ასევე მოგიყვანთ ბავშვთა მონაცემებს. 723 შემთხვევიდან 72 ბავშვია 0-დან 14 წლამდე ინფირებული და 32 კი, არის 15-დან 19 წლამდე. პირველი 0-დან 14 წლამდე შეადგენს 10 პროცენტს, მეორე ასაკი 4,4 პროცენტია“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა ე.წ. საბურთალოს კლასტერზე და აღნიშნა, რომ დღევანდელი რიცხვით, 23 ადამიანია ამ კლასტერში ინფიცირებული.

„სერიოზული მიკროაფეთქება გვქონდა საბურთალოს კლასტერში. ხშირად არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა, როდესაც მე ჩემი კოლეგა ვახსენე. დიახ, ჩემი კოლეგაა, სამედიცინო მუშაკია და არა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ერთ-ერთი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალია, რომლისგანაც გავრცელდა ამ დასახლებაში ეს ინფექცია. დღევანდელი რიცხვით, 23 ადამიანი არის ამ კლასტერში ინფიცირებული, გამოვიკვლიეთ 103 კონტაქტი, 42 გადაყვანილია კარანტინში, დანარჩენები არიან შიდა კარანტინში“,- განაცხადა გამყრელიძემ.